ქართულ ტელესივრცეში ცვლილებებია – ვინ დაიკავებს გოგა ჩართოლანის ადგილს

ტელეკომპანია „იმედი“ უკრაინელმა პროდიუსერმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს და არხის მთავარ პროდუსერად იმედის მთავარი რეჟისორის ზურა ფანქველაშვილის დანიშვნას აანონსებს.
როგორც გამოცემასთან საუბრისას „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ აღნიშნა, უკრაინელ პროდიუსერთან არხმა კონტრაქტი გაწყვიტა, ზურა ფანქველაშვილი კი არხის მთავარი რეჟისორია და იქნება რეჟისორი.
„უკრაინელი პროდიუსერის ადგილი ვაკანტური იქნება. არხზე იგეგმება გარკვეული სიახლეები. ახალი სეზონიდან მაყურებელს შევთავაზებთ რამდენიმე სიახლეს. არაფერს არ ემუქრება დახურვა, სიახლეებს ვგეგმავთ, მაგრამ ინფორმაცია კონფიდენციალურია, ყველა კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ“,- განაცხადა ბახტაძემ.
„პრაიმტაიმს“ საკადრო ცვლილებები არ გამოჰპარვია საზოგადოებრივ მაუწყებელზეც. გამოცემის ინფორმაციით, არხის გენერალური დირექტორის მოადგილის გოგა ჩართოლანის ადგილს სერგი გვარჯალაძე დაიკავებს.
აღნიშნული ინფორმაცია თავად ჩართოლანმა უარყო და განაცხადა:
„ეს არის აბსოლიტური სისულელე. მე ვარ და ვიქნები იქ, სადაც ვარ და როგორც ვარ. ჩემი ნებით არსად არ ვაპირებ წასვლას. თუ ვინმე სამსახურიდან მიშვებს, ეს არ ვიცი. ჩემს ადგილზე გვარჯალაძის დანიშვნა აბსოლუტური ტყუილია. ყოველ შემთხვევაში მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“,- განაცხადა ჩართოლანმა და აქვე გადაცემა „სამოთხის ვაშლებზეც“ ისაუბრა, რომელიც რამდენიმე ხანია უკვე ეთერში აღარ გადის. გოგა ჩართოლანის თქმით, გადაცემა სეზონზე შეჩერებულია და ოფიცილურად არ დახურულა.
ცვლილებები მოსალოდნელია ასევე ტელეკომპანია „მაესტროზეც“. „პრაიმ-ტაიმის“ ცნობით, არხის დირექტორად ფინანსური სტრატეგიის მიმართულებით ვახტანგ ჩახნაშვილი ინიშნება.
„ვახო ჩახნაშვილი არის მთლიანი ჰოლდინგის დირექტორი. ის მაკა ასათიანის ოჯახის წევრია და მის ბიზნესს ხელმძღვანელობს. აი, ასეთი კავშირი აქვს მას „მაესტროსთან“. როცა მაკა არ არის საქართველოში, მისი წარმომადგენელია ვახო“, – განაცხადა არხის დირექტორმა ბაია გადაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები