C ჰეპატიტზე რეგიონებში მოსახლეობის უფასო სკრინინგი იწყება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რეგიონებში მოსახლეობის ნებაყოფლობით უფასო სკრინინგს დღეიდან იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს მოუწოდებს, რომ ჩაერთონ აქციაში და კლინიკებში შესულ ყველა პაციენტს ნებაყოფლობით შესთავაზონ სკრინინგი C ჰეპატიტზე.
როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, პროცესი მომავალი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი რუსთავში და თბილისშიც იგეგმება.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცხრა რეგიონულ ფილიალში ორი კვირის განმავლობაში ყველა ადამიანისთვის სწრაფი, მარტივი ტესტებით ნებაყოფლობითი სკრინინგი C ჰეპატიტზე იქნება ხელმისაწვდომი. მოგვიანებით, სექტემბერში თბილისსა და რუსთავში იქნება მსგავსი აქცია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.