მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ზუსტად 20:15 წუთზე დაიწყო.
გრანდიოზული შოუ, სხვადასხვა ექსპოზიციითაა დატვირთული. შესრულდა ექსპოზიცია “არგონავტები”, რომელშიც მთავარი გმირის, მედეას როლი ირმა ნიორაძემ შეასრულა.
გახსნის ცერემონიალზე შესრულდება, ასევე, ქართული ცეკვები, ტრადიციული დასარტყამი ინსტრუმენტები და ა.შ. საქართველოს ჰიმნს პაატა ბურჭულაძე შეასრულებს.
რაც შეეხება ოლიმპიურ ცეცხლს, ის არა მიხეილ მესხის ეროვნულ სტადიონზე, არამედ კუს ტბაზე, სპეციალურად შერჩეულ ადგილზე აინთება. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტამ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისკენ თავისუფლების მოედნიდან, კერძოდ, საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან 20:00 საათზე აიღო სტარტი.
ოლიმპიური ცეცხლი ესტაფეტის პრინციპით რუსთაველის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირს გაივლის და სტადიონზე მხატვრული შოუს კულმინაციის დროს შევა. ესტაფეტაში მონაწილეობას მეჩირაღდნეები საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე პრეზიდენტები ელგუჯა ბერიშვილი და მამუკა ხაბარელი, პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი კოტე ლაშხი მიიღებენ.
მიხეილ მესხის სტადიონზე ესტაფეტაში სამხედრო მოსამსახურე, ავღანეთის ომის მონაწილე თემურ დადიანი და ოლიმპიური ჩემპიონები გელა კეტაშვილი, ნინო სალუქვაძე და ზურაბ ზვიადაური ჩაერთვებიან.
სტადიონზე საერთშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშას მრავალგზის ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები ნონა გაფრინდაშვილი, ლევან თედიაშვილი, ვახტანგ ბლაგიძე, ვაჟა კაჭარავა, რომან რურუა და რაფაელ ჩიმიშკიანი შეაბრძანებენ.