ნინო ჩხობაძე: სტიქია შესაძლოა, განმეორდეს
„სტიქია შესაძლებელია გამეორდეს, კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე, ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცით, რომ ისევ ერთ დღეში მთელი სეზონის ნალექის მოსვლა მოსალოდნელია“, – აღნიშნული განცხადება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ჩხობაძის თქმით, დღემდე ძალიან ბევრი მეწყერსაშიში გააქტიურებეული ზონა არსებობს, რომელიც უხვი ნალექის შემთხვევაში შესაძლოა, დაიძრას. „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, გარკვეული ქმედებების ჩატარების შემდეგ სტიქიის ასეთი შედეგების არიდება შესაძლებელი იყო.
„ ეს იყო სტიქია, მაგრამ გარკვეული ქმედებების შედეგად ამის არიდება შესაძლებელი იყო, რომ თავის დროზე ყველა საჭირო ქმედება ჩატარებულიყო. ასეთი მსხვერპლი ამ სტიქიას არ უნდა მოჰყოლოდა. არის გააქტიურებული მეწყრული ზონები. თვითონ ეს ძლიერი მეწყერი, რომელიც მოწყდა, შუა წელზეა გაჩერებული. იქ ადგილზე დაკვირვების სისტემა მონტაჟდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ბოლომდე განახორციელებს პრევენციას. ვერეს აქვს ძალიან დიდი წყალშემკრები აუზი, რომელიც არ იყო გათვალისწინებული, როცა კალაპოტში მშენებლობა დაიწყეს. ეს არ იყო გათვლილი, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვეუბნებოდით გზის გაყვანისას ხელისუფლებას, რომ არ გაეყვანათ გზა. ძალიან ბევრი ღელე ამუშავდა, ბევრი ახალი ნაკადი გაჩნდა, რომელიც პირდაპირ ვერეს ხეობაში წავიდა. უნდა მოხდეს მეწყერის სტაბილიზაცია, ამის ერთ-ერთი მეთოდია მეწყრის ტერასირება, წინასწარი ჩამოშლა, თუკი ეს შესაძლებელია, მაგრამ რამდენადაც ჩვენ ვხვდებით, ეს აქ შესაძლებელი არ არის. უნდა ვაწარმოოთ დაკვირვება, როგორ იმოძრავებს მეწყერი. თუკი წყლის დიდი ნაკადი წამოვა, მეწყერი მოწყდება“,- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.