პაატა ზაქარეიშვილი: ჟენევა და კარასინი-აბაშიძის ფორმატი მაქსიმალურად პასუხობს საქართველოს ინტერესებს
აბაშიძე-კარასინის ფორმატი უაღრესად ეფექტურია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მინისტრი აბაშიძე-კარასინის ფორმატს მიესალმება და აცხადებს, რომ ის მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობაში ახალი პოლიტიკური ფორმატის შექმნის საკითხი არ განიხილება.
„აბაშიძე-კარასინის ფორმატი უაღრესად ეფექტურია, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება დაძაბულ ვითარებაში რაც შეიძლება მეტი ფორმატები გვქონდეს. კონტაქტებისა და ფორმატების არარსებობა ზრდის დაძაბულობას და გაუგებლობას, ამიტომ მივესალმები ამ ფორმატებს და დარწმუნებული ვარ, მთავრობაში არის სრული განწყობა და მე ვადასტურებ ამას, რომ ამ ფორმატმა გაამართლა და უნდა გაგრძელდეს. ახალი პოლიტიკური ფორმატის შექმნის საკითხი არ განიხილება. ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ შეიძლება საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, რისი უფლებაც, ბუნებრივია, აქვს. მე ვეთანხმები მას, რომ მეტი ფორმატი იყოს, მაგრამ ამ წუთში ეს ფორმატი, ჟენევა და კარასინი-აბაშიძის ფორმატი მაქსიმალურად პასუხობს საქართველოს ინტერესებს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.