“ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღება ვერ ხერხდება”
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღება ვერ ხერხდება.
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “პალიტრა ტვ”-ის გადაცემა “პროვოკატორში” განაცხადა, რითაც საზოგადოების იმ ჯგუფის შესაბამის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელსაც ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღების მოთხოვნით 100 ათასი ხელმოწერა აქვს შეგროვებული.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ვერ მოისმინა ვერც ერთი დამაჯერებელი არგუმენტი, რატომ არის ახალი პირადობის მოწმობა საზოგადოების ერთი ჯგუფისთვის მიუღებელი.
“პასუხი გაცემულია – ამ ეტაპზე ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღება ვერ ხერხდება. ეს არ არის ვინმეს ახირება, უბრალოდ ჩვენ ისეთ რთულ პროცესში ვართ, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა გვქონდეს წესრიგში, თუ იმ გზაზე უნდა ვიაროთ, რა გზაზეც ქვეყანა დგას – ეს არის ვიზალიბერალიზაციის გზა. ალბათ მომდევნო მინისტრი თვითონ გადაწყვეტს, მაგრამ სანამ მე ვარ მინისტრი, არ მაქვს უფლება, ისეთი რამ გავაკეთო, რაც ხელს შეულის ამ პროცესს. ჩვენ გვაქვს საშინაო დავალების რამდენიმე ბლოკი – პირობითად ასე ეძახიან. პირველი ბლოკი ეხება უსაფრთხო დოკუმენტებს. ეს ის ბლოკია, რომელიც მთლიანად ჩაითვალა შესრულებულად და რიგის სამიტზე გვითხრეს, რომ ეს არის ძალიან ბევრ ქვეყანასთან შედარებით, დასავლეთ ევროპაში, უკეთესიც კი. იმ პირადობის მოწმობის გაყალბება, რომელიც დღესაა, არის შეუძლებელი. ევროპა არ უშვებს თავის საზღვრებში ადამიანს, რომელიც შეიძლება მოდიოდეს ისეთი ქვეყნიდან, სადაც დოკუმენტების სისტემა აუწყობელია. ძველი პირადობის მოწმობები შეიძლება ადვილად გაყალბდეს – იხევა, შეიძლება მასში სხვა ფოტო ჩააკრა. თუ ჩვენ ამ სამყაროში გვინდა შევიდეთ, უნდა მივიღოთ ეს უსაფრთხო დოკუმენტი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, “ნაციონალებმა” ცუდი პროპაგანდა გასწიეს და თქვეს, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე პირადობის მოწმობა, მაგრამ ეს ასე არ არის.
“ნაციონალებმა” ცუდი პროპაგანდა გასწიეს და თქვეს, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე პირადობის მოწმობა, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს არის უბრალო პირადობის მოწმობა. 142 ათასამდე ადამიანი მოვიდა 2 თვეში, როცა ჩვენ გამოვაცხადეთ უფასო აქცია”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
წულუკიანის ინფრმაციით, იმ 100 ათასი ადამიანის ნაწილმა, რომელმაც ალტერნატიული პირადობის მოწმობის მოთხოვნა საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა, შიში გადალახა და ელექტრონული მოწმობა აიღო.
რაც შეეხება ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღების მოთხოვნით უწყებასთან გამართულ აქციებს, მინისტრის მტკიცებით, ის საპატრიარქოს პოზიციას არ გამოხატავდა.