საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „კვირა “ საქარველოს საგარეო უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2015 წლის 15 ივლისს დაიწყო რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის ფართომასშტაბიანი წვრთნები სამხრეთის სამხედრო ოლქში, ამასთან წვრთნები მიმდინარეოს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ – ცხინვალის რეგიონში. წვრთნებში მონაწილეობს 58-ე არმიის 1500-ზე მეტი არტილერისტი. წვრთნებში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეიარაღება, როგორიცაა: 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცები “Акация”, “Мста-С” და “Мста-Б”, ზალპური ცეცხლის რეაქტიული საშუალებები: “Град”, “Торнадо-Г” და “Ураган”, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები “Штурм-С”, ნაღმტყორცნები: “Поднос” და “Сани”. სულ წვრთნებში მონაწილეობს 300 ერთეული სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღება. რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს პროვოკაციული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშირისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას, საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამასთან, შეშფოთების საფუძველს ქმნის აგრეთვე რუსეთის ე.წ. მესაზღვრეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ბანერებს დამონტაჟების განახლება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციის დაწყებას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიული ქმედებების ამ მორიგ გამოვლინებას, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ აღკვეთოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული ქმედებები“, _ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.