დავით გოგიშვილი ბოდიშს იხდის

ისტორიკოსი და იუმორისტი დავით გოგიშვილი ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
დავით გოგიშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
„ბატონებო და ქალბატონებო! ძვირფასო საზოგადოებავ! როგორც იცით, ამ რამდენიმე დღის წინ, სოფ. ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საჯაროდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და განვაცხადე, რომ ვინაიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტი პოლიტიკურ-მედია-NGO დაჯგუფებების მხრიდან მაღალი იყო დაინტერესება, რათა მოეხდინათ რუსეთსა და საქართველოს შორის ნებისმიერი მოლაპარაკების მცდელობისა და ნებისმიერ დონეზე რუსულ-ქართული შეხვედრების გამარგინალება, ვინაიდან მაღალი არის დაინტერესება, მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების მსგავს რთულ სიტუაციებში ქმედუუნარობის იმიტაცია, გამოვთქვი ვარაუდი-ვერსია, რომ არსებობდა ძალიან მაღალი ალბათობა, იმისა, საოკუპაციო ბანერების ავტობანისაკენ სიღრმეში გადმონაცვლება შესაძლოა, ყოფილიყო სწორედ მათ მიერ ორგანიზებული პროვოკაცია. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მსგავსი პიარ-შოუების ორგანიზების დიდი გამოცდილება აქვს. აქვე ავღნიშნე, რომ თუკი მოვლენათა განვითარება აჩვენებდა აბსოლიტურად საპირისპიროს, მე მზად ვიყავი, საჯაროდ მომეხადა ბოდიში საზოგადოებისათვის. ქართული სატელევიზიო არხებით გასულ ვიდეომასალის, ქართული და რუსული საინფორმაციო სააგენტოებით გამოქვეყნებული რუსული და ოსური ოფიციოზის კომენტარების და სხვა ფაქტოლოგიური მასალის მოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ჩემი ვარაუდი და ვერსია მცდარი იყო და არ ემყარებოდა ფაქტოლოგიურ დასაბუთებას და ვითარება აბსოლუტურად საპირისპიროა. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მსურს საჯაროდ განვაცხადო შემდეგი:
1). უპირველეს ყოვლისა, მინდა საჯაროდ, გულწრფელი ბოდიში მოვუხადო საოკუპაციო ზონაში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებიც არიან მსხვერპლნი ამ ოკუპაციისა. მინდა ქედი მოვიხარო მათ წინაშე, ვისაც ჩემმა განცხადებამ გული ატკინა. ეს მოსახლეობა ჩვენი ქვეყნის ყველაზე საამაყო და გასაფრთხილებელი ნაწილია.
2). მინდა საგანგებო, გულწრფელი ბოდიში მოვუხადო სამაჩაბლოდან დევნილ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისაც ჩემმა გამოთქმულმა ვერსიამ გული ატკინა.
3). მინდა ხაზგასმით მოვუხადო ბოდიში მედიის, და საზოგადოების იმ უაღრესად ღირსეულ წარმომადგენლებს, რომლებიც არ წარმოადგენენ პოლიტიკურ მხარეს, არ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულნი და მათი საზოგადოებრივი აქტივობა სრულიად ლოგიკურად და ლეგიტიმურად განპირობებული იყო ოკუპაციის ფაქტის გამო აღშფოთებით.
4). მინდა საგანგებოდ მოვუხადო ბოდიში საქართველოს ყველა იმ რიგით მოქალაქეს, რომელმაც მომწერა კეთილგანწყობილად, არ მეთანხმებოდა, გული ატკინა ჩემმა განცხადებამ, გამაკრიტიკა, მაგრამ არ ვეზიზღები და პატივს მცემს.
5). მინდა ასევე ბოდიში მოვუხადო ყველა იმ უბრალო აღშფოთებულ მოქალაქეს, რომელმაც ჩემდამი სიძულვილი და ზიზღი გამოხატა, მომაყენა შეურაცხყოფა და ვუთხრა, რომ მე ისინი – ყველანი მაინც მიყვარს, ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენ ერთმანეთის გულებისაკენ სავალი გზები საპოვნი გვაქვს.
6). მინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადო ქართული ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც არიან მოწოდებით ჟურნალისტები და არ არიან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის აქტივისტები.
7). მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ არასოდეს არ მოვუხდი ბოდიშს იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, აქტივისტებს და მათ სატელიტ გაერთიანებებს, რომლებსაც ბედნიერებისაგან თვალები უბრწყინავთ, რომ ოკუპაციის მორიგი მოცემულობა დადგა. ადამიანებს, რომლებთაც თავიანთი ბინძური პოლიტიკური მიზნების რეალიზაციისათვის ოკუპაცია უფრო მეტი ბედნიერებაა, ვიდრე დეოკუპაცია. ბედნიერები არიან, იმით, რომ მათ ეძლევათ იმის შანსი, კიდევ ერთხელ ისპეკულირონ ქვეყნის უბედურებით და ამტკიცონ ხელისუფლების უუნარობა, კიდევ ერთხელ გარიყონ ყველა ის ადამიანი, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებების გზით საერთო ენის გამონახვის მომხრეა. არასოდეს მოვუხდი ბოდიშს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც რუსი ოკუპანტები ავტობანამდე მოიყვანა.
8). დღევანდელი დღე და წარმატებით დასრულებული ურთულესი სპეცსამსახურებრივი ოპერაცია, განსაკუთრებით მინდა მივულოცო ამერიკელ ჟურნალისტებს და მათი სახით აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, დღეს მათ რუსეთ-საქართველოს ზიზღისა და სიძულვილის ისედაც გავარვარებულ ღუმელს კიდევ ერთხელ წარმატებით ,,შეუკეთეს“.
ძირს რუსი ოკუპანტები, ძირს რუსეთის იმპერია! სიკვდილი ყველა საქართველოს მტერს! გაუმარჯოს ერთიან, განუყოფელ საქართველოს!“,- წერს გოგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები