ზურაბ აბაშიძე: ყველას უჭირს რუსეთთან ურთიერთობა, ჩვენც ძალიან გვიჭირს
მე არ მქონდა იმის მოლოდინი, რომ ვიღაცა დარცხვენილი შეტრიალდებოდა, ბანერს გადაიდებდა ზურგზე და წავიდოდა მოსკოვში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედრაციასთან ურთიერობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციოა გამოშვება “ქრონიკაში” ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის გადარწმუნება პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით ერთი შეხვედრით არ მოხდება.
„ჩვენ გულუბრყვილოები არ უნდა ვიყოთ და არც იმის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ რაღაც შეხვედრით მოხდება გადარწმუნება, რომ რუსეთი შეიცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მეზობელი ქვეყნების მიმართ.
ვხედავთ, რა პოლიტიკა აქვს მას უკრაინაში, ზოგადად, რა ურთიერთობებია დასავლეთსა და რუსეთს შორის. ყველას უჭირს რუსეთთან ურთიერთობა, ჩვენც ძალიან გვიჭირს. ამიტომ ამ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ. მე არ მქონდა იმის მოლოდინი გუშინ, რომ გადავარწმუნებდი, ვიღაცა დარცხვენილი შეტრიალდებოდა, ბანერს გადაიდებდა ზურგზე და წავიდოდა მოსკოვში. არ იყო ამის მოლოდინი. გუშინ ბატონ კარასინს საუბარი ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით დონდუასთან და იქ ჩამოაყალიბა ის პოზიცია, რასაც პრინციპში ჩვენ ველოდით, რომ რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამ ქვეყნებს აქვთ უფლება ჰქონდეთ თავინათი საზღვრები, რუსეთი მათ ეხმარება ამ საზღვრების შექმნაში, ყველაფერი კარგად არის და შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. აი ეს არის ყველაზე დრამატული წინააღმდეგობა ჩვენსა და რუსეთს შორის. ეს არის ყველაზე ტრაგიკული შედეგი 2008 წლის ომისა, რომელმაც ასეთი რეალობა მოგვცა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ უნდა შევეგუოთ, მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ იგი დავძლიოთ, მაგრამ ასეთ რთულ რეალობაში ვართ”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
აბაშიძის შეფასებით, ყველაზე ეფექტური ფორმა დიპლომატიური ბერკეტების და საერთაშორისო მედიის ამოქმედებაა.
„ჩვენი ბრძოლის ერთადერთი ფორმა და ეფექტური ფორმა გახლავთ ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია, მაქსიმალურად უნდა ავამოქმოდოთ ჩვენი საერთაშორისო-დიპლომატიური ბერკეტები, ასევე საერთაშორისო მედიაც და შევეცადოთ, რომ ჩვენი სიმართლე მივიტანოთ ყველგან, რათა ამან გარკვეული შედეგები გამოიღოს, მაგრამ იმის მოლოდინი, რომ ამ ზეწოლით რუსეთი რაღაცას შეცვლის, არ არის ძალიან მაღალი”, – აღნიშნა აბაშიძემ.