„ფოლკლორის დღეები“ ბათუმში ანსამბლ “რუსთავის” გრანდიოზული კონცერტით დასრულდა
„ფოლკლორული მუსიკის პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს…“
„ჰით ბათუმი 2015“ -მა სტარტი ფოლკლორის დღეებით 6 ივლისს აიღო. 7 დღის განმავლობაში პროექტის ფარგლებში 30-ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლის მონაწილეობით 14 კონცერტი გაიმართა. დღეს კი, ფოლკლორული საღამოები ბათუმის საზაფხულო თეატრში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “რუსთავის” გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.
ამ ხნის განმავლობაში კონცერტებში ასევე მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები ქუთაისის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხულოს, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედას და ბათუმის მუნიციპალიტეტბიდან, ასევე სახელმწიფო ანსამბლები: სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი “რუსთავი”, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი “ბასიანი”. მათ საინტერესო ნომრები წარადგინეს ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოსა და ბათუმის ღია სცენებსა და თეატრებში.
„ფოლკლორი მუსიკის უნიკალური ჟანრია, რომელიც უცხოელების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს,”- მიაჩნიათ ფესტივალის ორგანიზატორებს.
“საამაყოა, რომ ისეთი მასშტაბური ფესტივალი, როგორიცაა „ჰით ბათუმი 2015“ 6 ივლისს სწორედ „ფოლკლორის დღეებით“ დაიწყო. 12 ივლისამდე 14 კონცერტი გაიმართა, რომელშიც 30-ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობდა. „ჰით ბათუმი 2015“ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქალაქ ბათუმში და ჩვენი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.