რიჩარდ ნორლანდი: პატრიარქი არის დიდი ადამიანი და ჭეშმარიტად დიდი სასულიერო ლიდერია
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი სვეტიცხოველში დღეს საღმრთო ლიტურგიას დაესწრო და განაცხადა, რომ პატრიარქი დიდი ადამიანი და ქართული მართლმადიდებლური თემის ჭეშმარიტად დიდი სასულიერო ლიდერია.
როგორც ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში სამსახურის დროს ყველაზე მეტად მისთვის მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ საშუალება მიეცა, გასცნობოდა მის უწმინდესობას.
„რამდენად დიდ როლს თამაშობს იგი ქართულ საზოგადოებაში და რამდენად აფასებენ მას ქართველები. ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის ის, რომ დღეს პატრიარქმა ქადაგებისას ახსენა ჩემი და ჩემი მეუღლის გამგზავრების შესახებ. პატრიარქი არის დიდი ადამიანი, ჭეშმარიტად დიდი სასულიერო ლიდერი ქართული მართლმადიდებელი თემისა”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
პატრიარქმა დღევანდელი ქადაგებისას უწმინდესმა მიმართა ტაძარში მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს და მადლობა გადაუხადა საქართველოში მსახურებისათვის. “მოხარული ვართ, რომ ჩვენს წირვას ესწრება ამერიკის ელჩი საქართველოში მეუღლესთან ერთად. გულითადად მივესალმებით მათ. ელჩი ამთავრებს მოღვაწეობას და მიემგზავრება ამერიკაში. ვუსურვებთ წარმატებას და მადლობას ვუხდით იმ დახმარებისთვის, რასაც აკეთებდა საქართველოში”, – ბრძანა უწმინდესმა.