სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად „Uriah Heep“-ის დამფუძნებელი კონცერტს გამართავს

„ცა მეტია, ვიდრე 13“ – ხელოვანთა ორგანიზებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, 15 ივლისს, 21 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში დაგეგმილი საღამოსთვის სამზადისი გრძელდება. ამ დროისთვის უკვე საქართველოში იმყოფება ბრიტანული ჯგუფის „Uriah Heep“-ის დამფუძნებელი, წევრი და მთავარი კომპოზიტორი კენ ჰენსლი.
ლეგენდარული მუსიკოსი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად კონცერტში მონაწილეობას ყოველგვარი ჰონორარის გარეშე დათანხმდა. როგორც მუსიკოსმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველაზე მეტ სიამოვნებას სწორედ მაშინ იღებს, როდესაც სხვა ადამიანებს ეხმარება.
„ 53 წელია მუსიკაში ვარ, დღემდე ვუშვებ ახალ ალბომებს, აქ კი ჩამოვედი იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს ინტერესი ღონისძიების მიმართ და მეტი ხალხი მოვიდეს. მე ამ კონცერტზე 3 კომპოზიციას შევასრულებ. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, აქ კონცერტიც მქონია, მთელ მსოფლიოში სადაც კი მივდივარ პირველ რიგში მივდივარ ხალხის გამო, საქართველოში კეთილშობილი და კარგი ხალხია, რომელსაც, როგორც ჩემს ოჯახს, ისე აღვიქვამ. იმედია, ხვალ მოვასწრებთ მცხეთაში წასვლას. მე ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყნებში 3-4 საქველმოქმედო ღონისძიებაში ვმონაწილეობ. ამით ვეხმარები სხვა ხალხს და ყველაზე მეტ სიამოვნებას ვიღებ“,- განაცხადა კენ ჰენსლიმ.

დაგეგმილ ღონისძიებაზე მსმენელს საშუალება ექნება მხოლოდ ცოცხლად შესრულებული მუსიკით დატკბეს და პარალელურად კონცერტზე მისვლით კეთილ საქმეში საკუთარი წვლილიც შეიტანოს.

„15 ივლისს სპორტის სასახლეში მხოლოდ ცოცხალი შესრულება იქნება, ქართველ მუსიკოსებთან ერთად მასში მონაწილეობას კენ ჰენსლიც მიიღებს. მინდა მოვუწოდო ყველას, მოვიდნენ ამ კონცერტზე და ამ ფორმით მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში“, – განაცხადა გიორგი კვაბზირიძემ.

კონცერტის ორგანიზატორებმა „კვირას“ პრესკლუბში სტიქიის ადგილებში მომუშავე მოხალისეთათვის სასიამოვნო შეთავაზებაც გააჟღერეს, რის მიხედვითაც 2,500 მოხალისეს საშუალება მიეცემა კონცერტზე სპეციალურად მათთვის კერძო პირის მიერ შეძენილი ბილეთით დაესწროს კონცერტს.
„კონცერტის ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. მისი შეძენა მსურველებს როგორც biletebi.ge-ს გვერდზე, ისე სპორტი სასახლის სალაროებში შეეძლებათ. ბილეთებთან დაკავშირებით მინდა ერთი ინიციატივა გავაჟღერო. მე დამიკავშირდა ადამიანი, რომელსაც სურს დარჩეს ინკოგნიტოდ. მან გამოთქვა სურვილი, რომ იმ მოხალისეების ნაწილს, ვინც სტიქიის ადგილებში მუშაობდა, შეუძინოს კონცერტის ბილეთები. ჯამში, ის აპირებს, რომ 2,500 მოხალისეს მისცეს საშუალება, დაესწრნონ ამ კონცერტს. რაც შეეხება მოხალისეთა შერჩევის წესს, ამისთვის ჩვენი ფეისბუქის გვერდზე „ცა მეტია ვიდრე ცამეტი“ დაიწყება ონლაინრეგისტრაცია და მათ რიცხვში დარეგისტრირებულთა შორის სიაში მყოფი პირველი 2,500 ადამიანი მოხვდება. სულ 6-7 ათასი ბილეთი გაიყიდება“,- განაცხადა funday entertainment -ის დირექტორმა თევდორე მაყაშვილმა.

მათთვის კი, ვისაც თავად მოუწევს ბილეთის შეძენა, ორგანიზატორებმა საკმაოდ დაბალი ფასი დააწესეს, კონცერტზე დასწრება სულ რაღაც 10 ლარად შეგეძლებათ.

„15 ივლისს კონცერტში მონაწილეობას თთქმის ყველა ის ქართული როკ ჯგუფი მიიღებს რომელიც ხალხს უყვარს, ყველა მათგანი მონაწილეობს რა თქმა უნდა ჰონორარის გარეშე, უპონორაროდ დაუკრავს კენ ჰენსლიც. ბილეთის ფასი მხოლოდ 10 ლარს შეადგენს. მადლობას ვუხდი მხარდამჭერებს, ტელეკომპანია GDS-ი, თბილისის მერიას, სასტუმრო „რუმს, საზოგადოებრივ მაუწყებელს და ტელეიმედს“,- განაცხადა „ლოკომოტივ პრომოუშენის“ დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა. საღამო ტელეკომპანია „იმედის“ მეშვეობით პირდაპირ ეთერში ტრანსლირდება, სატელევიზო სიგნალს კი ყველა ქართული ტელემაუწყებელი მიიღებს და საკუთარი სურვილის შესაბამისად საეთერო დროს დაუთმობს. იგეგმება საერთაშორისო მარათონის გაშუქება ამერიკის წამყვანი ტელეკომპანიების მიერ, რათა მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები