გულშემატკივარს სუპერთასის თამაშზე დასასწრები ბილეთების შეძენა მთელი ღამის განმავლობაში შეეძლება
„ბარსელონა-სევილიას სუპერთასის თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება“, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ფედერაციამ გაითვალისწინა ის, რომ ამ ხალხს ბევრი პრობლემები ჰქონდათ და ორი-სამი დღე ვაკის პარკის ტერიტორიაზე ათენებდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ბილეთების გაყიდვა არ შეწყდეს. სალაროები გაღებული იქნება ბოლო ბილეთის გაყიდვამდე”, – განაცხადა ზვიად სიჭინავამ.
მისივე ინფორმაციით, ამ წუთის მდგომარეობით, 8 700 ბილეთია გაყიდული.
ცნობისთვის: სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დილის 09:00 საათიდან დაიწყო და 21:00 საათამდე უნდა გაგრძელებულიყო.
11 აგვისტოს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” სუპერთასს ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” შეეცილებიან.