თბილისის საქალაქო სასამართლო კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულის კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც „კვირას“ საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, დღეიდან საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულები ბრალდებულების – კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავენ, რამაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კობა ხარშილაძეს, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსს და მიხეილ ძაძამიას, როგორც დაცვის ცვლის უფროსს, ბრალად ედებათ სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სასამართლო სხდომაზე, წილისყრის საფუძველზე, უფროსი ნაფიცი მსაჯული აირჩიეს, რომელიც თათბირის პროცედურას ხელმძღვანელობს. იგი სხვა მსაჯულებთან ერთად აწერს ხელს და სხდომაზე აცხადებს ვერდიქტს.
დღესვე, მსაჯულებმა დადეს ფიცი, რომ პატიოსნად და მიუკერძოებლად აღასრულებენ ნაფიცი მსაჯულის უფლება-მოვალეობას. დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელა (ნაფიცი მსაჯულების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, არ ესწრებოდნენ ამ ეტაპს).
მტკიცებულებების დასაშვებობის ეტაპზე შეიზღუდა ვიდეო გადაღება და ვინაიდან შუამდგომლობის განხილვისას გაცხადდებოდა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შემცველი დეტალები, სასამართლომ სხდომა შუამდგომლობის განხილვის ნაწილში დახურა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვებით წარსდგნენ.
მომდევნო სხდომა 2015 წლის 14 ივლისს, 11:00 გაიმართება“ – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.