შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული სულეიმან ოზთურქი დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პირი ანკარის ინტერპოლის მიერ 11.06.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

სულეიმან ოზთურქი დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 81/1, 35/2 და 62/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. 24.06.2009 წელს სულეიმან ოზთურქმა მასთან კონფლიქტში მყოფ პიროვნებას, ფიზიკური დაპირისპირებისას, თავის არეში მეტალის საგნით დაზიანება მიაყენა.

საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ სულეიმან ოზთურქს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა და ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული პროცედურები მიმდინარეობს.

11733278_387671871439002_1377233945_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები