მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკების შემოტანის მცდელობები გამოავლინეს
საქართველოს საბაჟო- გამშვებ პუნქტებზე ნარკოტიკების შემოტანის მცდელობები გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეს ავტომანქანის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა 2,04 გრამი ნარკოტიკული საშუალება, მარიხუანა აღმოუჩინეს.
ასევე, „ვალეს“ ტერიტორიაზე, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსულ პოლონეთის მოქალაქეს ნარკოტიკული ნივთიერების – კოდეინის შემცველი მედიკამენტი THIOCODIN (7 აბი) აღმოუჩინეს.
„საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“ შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ნ. ო., რომლის კუთვნილი ავტომანქანის სამსახურებრივი ძაღლით შემოწმების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 2,04 გრამი ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანა აღმოაჩინეს.
საქმე რეაგირებისთვის გადაეცა ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტს.
სგპ „ვალეს“ ტერიტორიაზე, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა პოლონეთის მოქალაქე ე. ჯ., რომელსაც დათვალიერების შედეგად ნარკოტიკული ნივთიერების – კოდეინის შემცველი მედიკამენტი THIOCODIN (7 აბი) აღმოუჩინეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ შემდგომი რეაგირების მიზნით ეცნობა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს.
ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტები გამოვლინდა სხვა საბაჟოებზეც. კერძოდ, Tramal (tramadol HCI 50 მგ) – 10 აბი, Tramal (tramadol HCI 100 მგ) – 8 აბი და Zaldiar (tramadol HCI 37.5 მგ, paracetamol 325 მგ) – 4 აბი – აღმოაჩინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სგპ „ბათუმის აეროპორტში“. მედიკამენტები აღმოჩნდა ისრაელის მოქალაქე მ.ე.-ის ბარგში. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს.
ანალოგიური კანონდარღვევა მოხდა 10 ივლისს, სგპ „ვალეს“ ტერიტორიაზე. ირანის მოქალაქე ა.ი.პ.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე სკანერით დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 10 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი Diphenoxylate აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.