კობა ხარშილაძე: ჩემი მიზანი არ იყო, საჯაროდ მეთქვა ეს ყველაფერი, მაპატიოს ზურას სულმა
თბილისის საქალაქო სასამართლოში შესავალი სიტყვის დროს ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღე გაიხსენა და ჟვანიას სულს პატიება სთხოვა.
“2005 წლის 2 თებერვალს ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. მივედი სამსახურში, შემდეგ წამოვედი. დაახლოებით ოთხის ნახევარი იქნებოდა, დამირეკა ძაძამიამ და მითხრა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო. 10 წუთში გლდანიდან საბურთალოზე გავედი, მივედი იმ ბინაში, სახლში შესვლა ვერ მოვახერხე და გისოსებიდან შევედი. სავარძელზე იჯდა ზურა, ჩამოვიყვანეთ, პულსი გავუსინჯეთ, ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარეთ, ადგილზე რაიმე ძალადობის ნიშანი არ შეინიშნებოდა. დავიწყეთ სიტუაციის გაანალიზება, ფაქტი იყო ის, რომ ზურა გარდაცვლილი იყო. ძალიან მძიმე იყო სურათი, რაც ვნახეთ.
ზურას არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდა, ასეთ სიკვდილს არ ისურვებდა. 5 წუთის საშუალება რომ ჰქონოდა, სურათს აუცილებლად შეცვლიდა. სურათი იყო ასეთი: უსუპოვი და ჟვანია ბინაში შიშვლები იყვნენ, ჩავაცვით, გავწმინდეთ, მოვიქეცით ისე, როგორც ნებისმიერი ადამიანი მოიქცეოდა. შემდეგ უსუპოვი მანქანაში ჩავსვით, თუმცა შემდეგ მივხვდით, რომ აბსურდული იქნებოდა, ზურა უცხო სახლში ასეთ მდგომარეობაში რომ ენახათ და უსუპოვი კვლავ შევიყვანეთ ბინაში. ამ პროცესში დარეკილი მქონდა ბარამიძესთან, შემდეგ დავურეკე პრეზიდენტს. როცა მოვიდნენ სამართალდამცველები, ის სურათი, რაც ვნახეთ, საზოგადოებამ იცის. ჩემი მიზანი არ იყო, საჯაროდ მეთქვა ეს ყველაფერი, მაპატიოს ზურას სულმა”, – განაცხადა კობა ხარშილაძემ.
ხარშილაძის თქმითვე, პროკურატურის გულწრფელობა მარტივად სარწმუნოა, რადგან მათ საქმეში არ ჩადეს FBI-ს დასკვნა და ჩადეს „ჰაკიმ ფაშას“ ვიდეო, რომელმაც საზოგადოება კიდევ ერთხელ დაძაბა.
„რატომ არ სურდა წინა ხელისუფლებას ამ საქმეზე საუბარი, ამაზე არსებობს დამაჯარებელი პასუხები. შემდეგ კი სცენაზე გამოვიდა დიდი პოლიტიკოსი გოგლა ჟვანია, რომელმაც დაიწყო საუბარი, რომ მისი ძმა მოკლეს, სამი წლის შემდეგ კი იგი პარლამენტში მოვიდა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პროკურატურაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან არაპროფესიონალები და არ შეუძლიათ განსაზღვრონ პირის ბრალეულობა, თუმცა ამ ყველაფერს პოლიტიკური პროცესებისთვის იყენებენ. არ შეიძლება ნახევრად სიმართლის თქმა, ამით ადამიანებს სიმართლეს ვერ გააგებინებ”, – აღნიშნა კობა ხარშილაძემ.
მისი თქმით, მას და ძაძამიას ამ ხნის განმავლობაში უამრავ სიბინძურეს აბრალებენ, მათ შორის იმას, რომ ზურაბ ჟვანია გაძარცვეს და მას უღალატეს.
კობა ხარშილაძემდე შესავალი სიტყვით სასამართლოს წინაშე წარდგა ჟვანიას დაცვის ცვლის ყოფილი უფროსი მიხეილ ძაძამია, რომელმაც აღნიშნა, რომ ის და კობა ხარშილაძე, ღმერთის, საზოგადოების და ქვეყნის წინაშე სუფთა ადამიანები არიან.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 14 ივლისს, 11:00 საათისთვის გაგრძელდება.