პროკურორი: ხარშილაძე და ძაძამია არიან დამნაშავეები და უნდა დაისაჯონ
„ხარშილაძე და ძაძამია არიან დამნაშავეები და უნდა დაისაჯონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლიანობა ვერ აღდგება“, – ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას საქმის პროკურორმა რევაზ ნადოიმ საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების პირობებში შესავალი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ორი დღეა ისმის, რომ დუმილის დარღვევას აპირებენ ბრალდებულები და სიმართლე უნდა თქვან სასამართლოში. მათ ხუთჯერ შეცვალეს ჩვენება. ერთხელ რომ კაცი მოიტყუება იმ კაცის სიტყვას ფასი აქვს? ეს პირები არიან დამნაშავეები და უნდა დაისაჯონ. საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა მაღალი თანამდებობის პირი, პრემიერ-მინისტრი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხარშილაძემ და ძაძამიამ ჯეროვნად არ შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილება და დადგა ეს შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი შედეგი არ დადგებოდა. მათ დაარღვიეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონი, რომელიც ავალდებულებდათ მაღალი თანამდებობის პირის დაცვას, ასევე დაცვითი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს, რომ დაცვის წევრს ეკრძალება დასაცავი ობიექტის დაცვის გარეშე მიტოვება”, – განაცხადა რევაზ ნადოიმ და იმედი გამოთქვა, რომ ნაფიცები ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში დილიდან მიმდინარეობს. ცნობისთვის: ზურაბ ჟვანის დაცვის წევრებს კობა ხარშილაძესა და მიხეილ ძაძამიას ბრალად ედებათ სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც სიკვდილი გამოიწვია. მიხეილ ძაძამიას ზურაბ ჟვანიას საქმეზე პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის ბოლოს შეეცვალა და ის 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.