დავით ნარმანია მარჯვენასაჭიანი მანქანების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სახელმწიფო დონეზეა მისაღები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მან სასტუმრო „თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად რამდენიმე სახელმწიფო უწყებას შორის მემორანდუმი გაფორმდა. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვის მიზნით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები უნდა აიკრძალოს.
დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ტრანსპორტისგან განტვირთვის მიზნით, კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს. „ვფიქრობ, რომ ამ საკითხებზე კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას და მის მაქსიმალურ მხარდაჭერას, ამას რა თქმა უნდა, ვგეგმავთ და იმ ახალი ავტობუსების კვალობაზე, რომლებსაც დედაქალაქში შემოიტანენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო მეტი ხელშეწყობა მოხდება“, – განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, არსებობს ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც თავის ტერიტორიაზე მარჯვენასაჭიან მანქანებს კრძალავს.
მისივე თქმით, კვლევა, რომელსაც სპეციალური ორგანიზაცია ატარებს, სპეციალური ნაწილის კვლევას ითვალისწინებს, რაც ქალაქის ცალკეულ უბნებში ე.წ. ავტობუსების ზოლის გაკეთებას გულისხმობს.
“შესაბამისი კვლევების დასრულების შემდეგ, დედაქალაქის მერიას ჩამოყალიბებული პოზიცია ექნება, თუმცა ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურად უნდა იყოს მხარდაჭერილი, ამაზე გადაწვეტილება მიღებულია და ცალკეული ტიპის ღონისძიებები, რომელსაც ვახორციელებთ, ამისკენაა მიმართული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.