შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არჩევნებში მონაწილეობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თბილისის მერიას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სათანადო შენობა-ნაგებობების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნებისთვის ისეთი ნაგებობების გამოყოფას ითვალისწინებს, რომლებიც ყველა ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
„მხარეები ვთანხმდებით იმაზე, რომ ინკლუზიურობა, ჩართულობა და თითოეული ადამიანის თანამონაწილეობა საარჩევნო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შესაბამისი სივრცეების თანაბარი ხელმისაწვდომობისათვის. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვიღებთ ვალდებულებას, რომ სივრცეები ადაპტირებული იქნება და უზრუნველყოფილი იქნება თითოეული მათგანის არჩევნებში თანამონაწილეობა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მემორანდუმში ასევე აღნიშნულია, რომ ასეთი შენობა-ნაგებობების არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის უნდა გამოიყოს ისეთი ნაგებობა, რომლის ადაპტირებასაც გადამცემი ორგანო კენჭისყრის დღისთვის უზრუნველყოფს.
მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები შეთანხმდნენ, შეასრულონ 2014-2016 წლის სამთავრობო სამოქმედო გეგმით გაწერილი ნორმები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის შესახებ. ამ შეთანხმებით ისინი ასევე ხელს უწყობენ გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის კონვენციის მუხლების შესრულებას, რომლებიც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მისაწვდომობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები