“აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 5 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნება”

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მომავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 5 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.
“უკვე 90-მდე კომპანიაა ჩართული აღნიშნულ პროგრამაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების კუთხით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალი წლის განმავლობაში მხოლოდ “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 5 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ეს პროგრამა გაფართოვდა და ახალი პროექტები დაემატა, რომელთა შორისაცაა რეგიონებში სასტუმროების ქსელის განვითარება – საუბარია სამ და ოთხ ვარსკვლავიან სასტუმროებზე. ამას გარდა, დავიწყეთ საქართველოში კინოს გადაღების წახალისების პროგრამა, რაც ასევე მოიცავს გარკვეულ ფინანსურ კომპონენტებს ამ დარგის წახალისებისთვის”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ პროგრამის “აწარმოე საქართველოში” განხორციელება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან დაიწყო. ის ორიენტირებულია საქართველოში მეწარმეობის წახალისებაზე, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერაზე, ახალი საწარმოების შექმნასა და უკვე არსებულის გაფართოება-გადაიარაღებაზე.
პროგრამის ერთი წლის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება დღეს გაიმართა და მას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები