ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით კოჯორში თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი ქვეფილიალი გაიხსნა

თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრმა კოჯორში განახლებული ქვეფილიალი გახსნა. ქვეფილიალი ცენტრის დირექტორმა თემურ ბარკალაიამ მთაწმინდის რაიონის გამგებელთან გელა არჩვაძესთან ერთად გახსნა.

სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის, თემურ ბარკალაიას თქმით, ვითარების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით დამატებითი ქვეფილიალის გახსნის საჭიროება იყო. მისივე თქმით, შექმნილია ახალი გეოგრაფიული სამედიცინო რუკა, რომლის საფუძველზეც გადახალისდება სასწრაფო -სამედიცინო ბრიგადები და ფილიალები.

ცენტრის დირექტორის განცხადებით, ახალ ქვეფილიალს სრულყოფილად აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადა მოემსახურება, რაც კოჯრის რაიონის მოსახლეობისათვის მისამართზე მოკლე ვადაში მისვლას უზრუნველყოფს.

“ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, სასწრაფოს ხელმძღვანელობამ ზაფხულის სეზონზე კოჯორში დამატებით ქვეფილიალის გახსნა გადაწყვიტა, სადაც სრულად აღჭურვილი ბრიგადა იმუშავებს და მოსახლეობას ამბულატორიულადაც მოემსახურება”, – განაცხადა თემურ ბარკალაიამ.

მთაწმინდის რაიონის გამგებელის გელა არჩვაძის თქმით, კოჯრის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საჭიროების შემთხვევაში მომსახურება რაც შეიძლება მოკლე დროში მიიღონ.

„კოჯრის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სასწრაფო – სამედიცინო ცენტრი იყოს აქ და საჭიროების შემთხვევაში მომსახურება რაც შეიძლება მოკლე დროში მიიღონ. ეს არის კიდევ ერთი კარგი ფაქტი, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ მათი უკეთესი ცხოვრებისთვის ვზრუნავთ,“- გელა არჩვაძემ.

ამჟამად თბილისს სასწრაფო – სამედიცინო დახმარების 93 სრულყოფილად აღჭურვილი ბრიგადა ემსახურება. ქალაქში 13 ფილიალი და უკვე 4 ქვეფილიალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები