უჩა ნანუაშვილი აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გუშინ, თბილისში აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის ფაქტს გამოეხმაურა.
სახალხო დამცველი უბედური შემთხვევის დროს ოთხი ადამიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
უჩა ნანუაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, რომ სრულყოფილად, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევების მიზეზები.
ასევე სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ უნდა შექმნას შრომის პირობების ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი და დასაქმებული პირისათვის უნდა უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო გარემო.
„სამწუხაროა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო აღნიშნული მძიმე ტრაგედიის თავიდან აცილება. გავრცელებული ინფორმაციით, მოცემულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა). მიგვაჩნია, რომ შესასწავლია ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების კანონშესაბამისობის საკითხი. სახალხო დამცველი ბოლო წლების განმავლობაში მწვავედ აყენებს ქვეყანაში შრომის ინსპექციის არარსებობის საკითხს და მისი შექმნის აუცილებლობას უსვამს ხაზს. სამწუხაროა, რომ აღნიშნული რეკომენდაცია დღემდე არ არის შესრულებული საქართველოს მთავრობის მხრიდან. შესაბამისად, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი მექანიზმის შექმნასა და ამ სფეროში მინიმალისტური სამართლებრივი რეგულაციების შემოღებას. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება შექმნას ისეთი ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების პრევენციისკენ იქნება მიმართული, მაშინ როცა საქართველოში მსგავს შემთხვევებზე რეაგირების ერთადერთი საშუალება სისხლის სამართლის წესით საქმის გამოძიებაა. აღნიშნული, რასაკვირველია, არ არის საკმარისი. მიმდინარე წელს სხვადასხვა სამუშაოზე, მათ შორის მშენებლობებზე დასაქმებული არაერთი მუშის დაღუპვისა თუ დაშავების შესახებ შეიტყო საზოგადოებამ. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, დროულად იწყება გამოძიება, თუმცა საზოგადოება არ არის საკმარისად ინფორმირებული მისი შედეგების შესახებ. ამის გათვალისწინებით, მხოლოდ გამოძიების დაწყება არ წარმოადგენს მკაცრ გაფრთხილებას მშენებლობისა თუ სხვა სამუშაოების მწარმოებელი კომპანიებისათვის, მაქსიმალურად მკაცრად და პასუხისმგებლობით მოეკიდონ უსაფრთხოების წესებსა და მათ დაცვას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდოს ინფორმაცია უსაფრთხოების წესების დარღვევაზე მიმდინარე გამოძიების შედეგებისა და სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებების თაობაზე. აქვე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დროულად შექმნას შრომის პირობების ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი და უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო გარემო ყველა დასაქმებული პირისათვის “, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები