პრემიერი: დამკვიდრებული აზრი, რომ საქართველო არის ღარიბი ქვეყანა, ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები და ა.შ. არის მცდარი
ის დამკვიდრებული აზრი, რომ საქართველო არის ღარიბი ქვეყანა, რომ ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები და ა.შ. არის მცდარი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” შემაჯამებელი კონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც პრაქტიკულად გამოუყენებელია. “ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი. ის დამკვიდრებული აზრი, რომ საქართველო არის ღარიბი ქვეყანა, ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები და ა.შ. არის მცდარი. მე დავიწყე რეგიონებში ვიზიტები. ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელსაც დავარქვით პირობითად “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის”. რას ემსახურებოდა ეს იდეა – ჩემი დავალებით ეკონომიკურმა საბჭომ და პროფილურმა სამინისტროებმა დაამუშავეს თითოეული რეგიონი, რაიონის დონეზე ჩვენ შევისწავლეთ იქ არსებული პოტენციალი. ეს არის ადამიანური რესურსები, ეს არის ის ბუნებრივი რესურსები, რომელიც არსებობს საქართველოში და მე გარწმუნებთ, რომ ეს არის უნიკალური. ჩვენ, მართლაც, აღმოვაჩინეთ, რომ არის ძალიან ბევრი რესურსი, რომელიც პრაქტიკულად გამოუყენებელია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.