თბილისში გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

თბილისში გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. როგორც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელები აბრების დიზაინის შემუშავების თაობაზე.

„ქალაქის უმეტეს ნაწილში ქუჩების აღმნიშვნელი აბრები არაა დამონტაჟებული, რიგ შემთხვევებში კი ბეჭვდის დროს არაერთი გრამატიკული შედომაა დაშვებული. ფაქტია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში საერთოდ არ ყოფილა დადგენილი სკვერების, პარკების, ბაღების, ბულვარების, სანაპიროების, მოედნების აღმნიშვნელი აბრების დიზაინი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკითხის მიმართ მერიის მიდგომები სპონტანური და გაუაზრებელი იყო , რაც დედაქალაქის იერ-სახეზეც აისახა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა პრობლემის მოგვარების, კერძოდ, გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შემუშავების თაობაზე. საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით, გავეცანით და დავამუშავეთ საერთაშორისო გამოცდილება, რადგან ვფიქრობთ, რომ თბილისმა ევროპულ ქალაქებში ამ მიმართულებით არსებულ ტენდენციებს ჩვენი დედაქალაქის ისტორიული ფასეულობების გათვალისწინებით უნდა აუბას მხარი“, -აღნიშნა ლია ჯახველაძემ.

როგორც ლია ჯახველაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ქალაქში არსებული გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის გამოსავლენი კონკურსის ჩატარება იგეგმება. კონკურსი 6 ივლისს გამოცხადდა და 25 ივლისამდე გაგრძელდება.

მისივე თქმით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. დაინტერესებული პირები ინფორმაციას ვებგვერდზე: tbsakrebulo.gov.ge ნახავენ.

„გამომდინარე ზემოთქმულიდან, ვგეგმავთ ქალაქში არსებული გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის გამოსავლენი კონკურსის ჩატარებას,რომლის ფარგლებში შევარჩევთ როგორც ისტორიულ, ასევე თბილისის დანარჩენ ნაწილში განსათავსებელი აბრების დიზაინებს.

კონკურსის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო ნამუშევარი, ვფიქრობთ, ჩვენს დედაქალაქს ნამდვილად დაამშვენებს და შესაბამისი ქუჩის მნიშვნელოვან ატრიბუტად იქცევა’’,- განაცხადა ლია ჯახველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები