სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებით, გარკვეული აკრძალვები დაწესდა
ბარსელონა-სევილიას სუპერთასის ფინალურ მატჩთან დაკავშირებით „საქპატენტი“ შეზღუდვებს აწესებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი „საქპატენტის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ გამართა და განაცხადა, რომ გარკვეული აკრძალვები უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს უეფას ლოგოს უნებართვო გამოყენება, პროდუქციაზე დატანა და გაყიდვა, უნებართვოდ მატჩის საჯარო ჩვენება, მატჩის ბილეთების გადაყიდვა ან გათამაშება. მისივე თქმით, კანონდარღვევის შემთხვევაში, კანონდამრღვევის მიმართ იმოქმედებს სანქცია უკანონო საქონლის ჩამორთმევის, დაჯარიმების, ხოლო დიდი რაოდენობის უკანონო საქონლის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით. ანალოგიური სანქცია შეეხება ბილეთების გაყიდვასაც.
„გადამყიდველს ბილეთები ჩამოერთმევა და შესაძლოა, დაჯარიმდეს, ხოლო ის ბილეთები გაყიდვიდან გაუქმდება. რაც შეეხება მატჩის ბარებში ჩვენებას, ეს დაშვებული იქნება ბარში არსებული ტელევიზორების მეშვეობით. ჩვენება აკრძალულია იმ შემთხვევაში, თუ დამონტაჟდება სპეციალური ეკრანი და ბარში შესვლაზე დაწესდება სპეციალური ფასი. „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე, ვერის პარკის და მეიდნის მიმდებარე ქუჩებზე, სადაც გულშემატკივართა შეკრების ადგილებია, უეფას ოფიციალური სპონსორების გარდა, ყველა სხვა კომპანიის ნებისმიერი სარეკლამო აქტივობა, ნებისმიერი ტიპის გარევაჭრობა, კაფე-ბარებისა და მაღაზიების მიერ უეფას მატჩის სარეკლამო მიზნით გამოყენება ასევე კანონით აკრძალულია”, – განაცხადა გოგილიძემ, რომლის თქმითაც, კანონდარღვევების გამოვლენასთან დაკავშირებით იმუშავებენ უეფას სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც დარღვევის შესახებ ინფორმაციას საკოორდინაციო საბჭოს მიაწვდიან. „საბჭოში შედიან შს სამინისტრო, მერია, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და „საქპატენტი“. გარდა ამისა, სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებით უეფას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიზნით “საქპატენტი” იწყებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოებას განემარტოს ის ქმედებები, რომელიც კანონითაა აკრძალული და ასევე მიეწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებთან დაკავშირებით. ასევე შეიქმნა სოციალური რგოლი, რომელიც სპეციალურად დამზადდა ამ ღონისძიებისთვის, შეიქმნა ჯგუფი, რომელიც საინფორმაციო ფლაერებს დაურიგებს და განუმარტავს ზემოთნახსენებ განსაზღვრულ პერიმეტრზე მოქმედი მაღაზიებისა და კაფე-ბარების თანამშრომლებს, რა ქმედებები იკრძალება კანონით. კამპანიის ფარგლებში, “საქპატენტის” თანამშრომლები შეხვდებიან კერძო კომპანიებს და სხვა მიზნობრივ ჯგუფებს, რომ თავიდან აცილებული იქნას დარღვევები“,- განაცხადა „საქპატენტის“ თავმჯდომარემ. აღნიშნული აკრძალვები სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით უეფამ დააწესა.
შეგახსენებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ბილეთები, ონლაინ-რეჟიმის ნაცვლად, სალაროში გაიყიდება. თბილისში 22 000-მდე ბილეთის რეალიზაცია იგეგმება. უეფას სუპერთასის მატჩი “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის 11 აგვისტოს, “დინამო არენაზე” გაიმართება.