ეკატერინე ბაღდავაძის მოხსენება: „არტეფაქტის სახელოვნებათმცოდნეო და ფილოსოფიური კვლევითი და ინტერპრეტაციული მეთოდების ძიება“ შედგება

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში გრძელდება საჯარო შეხვედრების სერია.

8 ივლისს, 13:00 საათზე, შედგება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დოქტორანტის, ეკატერინე ბაღდავაძის მოხსენება: „არტეფაქტის სახელოვნებათმცოდნეო და ფილოსოფიური კვლევითი და ინტერპრეტაციული მეთოდების ძიება“.

შეხვედრის მოდერატორი თამთა-თამარ შავგულიძეა.

რამდენად შესაძლებელია არტეფაქტის შინაარსის ინტერპრეტაცია, როგორ მოიაზრება თვით ფორმა. რამდენად სწვდება ფორმა არსს და რამდენად იტევს ფორმა აზრს. რას ნიშნავს ინტერპრეტაცია? ის მნიშვნელობის გ-ახსნაა თუ ახსნა? თუ ორივე? და თუ ახსნა გახსნა არ არის, მაშინ, როგორ მოხდა, რომ გ-ახსნა ახსნასაც გულისხმობს? ჰერმენევტიკის საფუძვლები პოსტკანტიანურ გერმანულ აზროვნებაში ყალიბდება და კულმინაციას აღწევს ხელოვნებათმცოდნეობაში, კერძოდ, ჰაინრიხ ვიოლფლინთან.

ჰეგელმა პირველმა დააყენა ჰერმენევტიკული საკითხი ხელოვნების ისტორიაში, წამოჭრა ინტერპრეტაციული მეთოდის შექმნის აუცილებლობა. მისი ფენომენოლოგია გონის ობიექტურობას იკვლევს, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ის პერსპექტივისტულია, სანამ ე.წ. „აბსოლუტურ გონში“ არ „ამაღლდება“.

ჰუსერლის ტრანსცენდენტური ფენომენოლოგია ფენომენის უშუალო გამოცდილებით არსის გამოვლინებას და შემდგომ მის აღწერას გვთავაზობს, რაც ენობრივ გადმოცემას ითხოვს. ჰუსერლთან სემიოტიკურ სამყაროს მივადექით, რადგან აღმოჩნდა, რომ არსი ინდოევროპულ ენაზე არ „მეტყველებს“ (ჰუსერლი, ჰაიდეგერი, სოსური, დერიდა).

ჰაიდეგერის ჰერმენევტიკულმა ფენომენოლოგიამ დაადგინა, რომ ინტერპრეტაცია ფორმის შინ ანუ ინტერნალურად (ტექსტში) ვერ შედგება, რადგან ინტერპრეტაცია ფორმის განმსაზღვრელ გარემოშია (კულტუროლოგია). განმსაზღვრელი გარემო კი ცვალებადი ონტოლოგიური კონცეპტებითაა განპირობებული.

ჰუსერლმა, შეიძლება ითქვას, „არსი“ აალაპარაკა ინდოევროპული ენით და არა მისი ანარეკლის, ფორმა-სხეულის ენით. ზუსტად აქ გვევლინება ჰაინრიხ ვიოლფლინი, რომელიც არა მარტო ფორმის „ალაპარაკებას“ ისახავს მიზნად, არამედ ზემოთ ხსენებულ მოაზროვნეთა განსხვავებით სტრუქტურის ჩამოყალიბებას გვთავაზობს; ანუ – არა მარტო მეთოდს, არამედ მეთოდოლოგიასაც, რაც ცვლის ადამიანის ხედვის რაკურსს.

ვიოლფლინი შინაგან ინტერპრეტაციას გვთავაზობს ფორმის და არა გონის ენით (ჰეგელი, ფსიქოლოგიზმი), ანუ არა სემიოტიკურ ქაოსში ჩაკარგულ სხეულს მოწყვეტილი კონცეპტუალიზმით (სოსური, დერიდა), არამედ თვით სხეულის უტყვი ენით – აქ ფორმა ამ „ენის“ გამტარ მილისებრ სახეს იღებს. ვიოლფლინმა გ-ახსნა ფორმა, მან დაგვანახა, რომ არსსა და სხეულს შორის ინტიმს ფორმა განასახიერებს, და არა რაციო. ვიოლფლინის აზრით, სტილისტური ცვლილებები ინტერნალურად განსაზღვრულია. მას სწამს, რომ არსებობს ფიზიკური კვალი/დასტური არტეფაქტის ფორმალურ თვისებებში.

სხეული უტყვია, არ ძალუძს სიტყვიერის აზრის ვერბალურად გამოთქმა, მაგრამ ეს ფუნქცია ადამიანმა უნდა იტვირთოს, გამტარი გახდეს ნივთსა და მეორე ადამიანს შორის. ამდენად შეგვიძლია, თავისუფლად დავარქვათ საგნების, მათ შორის ხელოვნების ნიმუშების ენას – დუმილის ენა, რომლის „სინტაქსს“, „მორფოლოგიას“, „ლექსიკას“, ანუ დუმილის ენის მეთოდს აყალიბებს ვიოლფლინი.

ეკატერინე ბაღდავაძე გაიზარდა კოპენჰაგენში, დაამთავრა ესთეტიკა და ხელოვნების თეორია ლონდონში. დღეს იგი კოპენჰაგენის ხელოვნების არხის (Kunst Tv) ხელმძღვანელია და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დოქტორანტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები