თამარ ბერუჩაშვილმა ელჩებთან გამოსამშვიდობებელი საღამო გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოში აშშ-ს, იტალიის, შვეიცარიისა და უკრაინის ელჩების გამოსამშვიდობებელ საღამოს უმასპინძლა.
ამერიკის ელჩმა სქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა, იტალიის ელჩმა საქართველოში, ფედერიკა ფავიმ, უკრაინის ელჩმა საქართველოში, ვასილი ციბენკომ და შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, გიუნტერ ბეხლერმა, საქართველოში საქმიანობის ვადა დაასრულეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამარ ბერუჩაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა ელჩებს გაწეული საქმიანობისა და მათი მოღვაწეობის პერიოდში, აღნიშნულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის, მადლობა გადაუხადა. თამარ ბერუჩაშვილმა ელჩებს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
გამოსამშვიდობებელ საღამოს საქართველოში აკრედიტებული დიპლოატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რიჩარდ ნორლანდი საქართველოში 2012 წლიდან მოღვაწეობს, ფედერიკა ფავი – 2011 წლიდან, ვასილი ციბენკო – 2009 წლიდან, ხოლო გიუნტერ ბეხლერი საქართველოში 2010 წლიდან მოღვაწეობს.