პრემიერი: სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ყველა დევნილმა იცხოვროს ადამიანურ პირობებში

საქართველოს პრემიერ – მინისტრის ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ყველა დევნილმა ადამიანურ პირობებში იცხოვროს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა. შერვაშიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსი მშენებლობის დასრულებამდე 588 დღე და 4 საათი დარჩა. საცხოვრებელ ბინას 160 დევნილი ოჯახი მიიღებს, ეტაპობრივად კი 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა, დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მასშტაბური მშენებლობის დაწყებას საფუძველი ჩაუყარა.
„დღეს საფუძველი ჩაეყარა 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობას, რომელიც მთლიანად დევნილებს გადაეცემათ. ეს არის დიდი საქმე და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. მალე 2000 ოჯახს გავაბედნიერებთ. დევნილებს სჭირდებათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები და ბინები მათ საკუთრებაში გადაეცემათ. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ ყველა დევნილმა იცხოვროს ადამიანურ პირობებში,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა სამშენებლო ობიექტზე ყოფნისას.
შერვაშიძის ქუჩაზე 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც საცხოვრებელ ფართს 2000-მდე ოჯახი მიიღებს. საწყის ეტაპზე კი შენდება ორი 16-სართულიანი კორპუსი.
მშენებლობის ადგილას დამონტაჟებულია ვიდეო კამერა. ყველა დაინტერესებულ პირს და მათ შორის თავად დევნილებს, შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერ დროს ინტერნეტით ადევნონ თვალი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას. შერვაშიძის ქუჩაზე ასევე განთავსებულია საათი, რომელზეც ნაჩვენებია მშენებლობის დასრულებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები