კვირიკაშვილი საბერძნეთის მოვლენებთან დაკავშირებით სანერვიულოდ სამუშაო ადგილების შენარჩუნებას მიიჩნევს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საბერძნეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სანერვიულოდ სამუშაო ადგილების შენარჩუნებას მიიჩნევს.
„თავად ფულადი გზავნილების პრაქტიკა ისეთია, რომ ხდება თვეში ერთხელ გადმორიცხვა ან სამ თვეში ერთხელ გადმორიცხვა, ამიტომ ხუთი დღით და ერთი კვირით ბანკების დაკეტვამ პრინციპში მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ უნდა იქონიოს. თუ რა თქმა უნდა, მოვლენები შემდგომში ნორმალურად განვითარდა. ანუ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში საბერძნეთში როგორ განვითარდება მოვლენები. ანუ ერთკვირანმა დაკეტვამ სერიოზული გავლენა არ უნდა იქონიოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, თითონ ის სიტუაცია რაც არის საბერძნეთში უფრო იმ კუთხით მაღელვებს რაც სამუშაო ადგილების შემცირებას შეეხება და ყველაზე მეტად სანერვიულო ალბათ ის არის, რომ ის ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ სამუშაოებს შეინარჩუნებენ თუ არა. იმიტომ რომ ფულის გამოზგავნის საშუალების მონახვა ხვალ უფრო ადვილია, ვიდრე სამუშაოს შენარჩუნება ამ სიტუაციაში. ამიტომ ვნახოთ როგორი იქნება ერთი კვირის მერე რეფერენდუმი რა შედეგებს მოიტანს“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ერთი კვირით ყველა ბანკი და ბირჟა დაიხურა, ხოლო ბანკომატებიდან დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 60 ევროს გამოტანა შეიძლება. საბერძნეთის ხელისუფლება იძულებული იყო, ეს გადაწყვეტილება მიეღო მას შემდეგ, რაც ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტორებთან კომპრომისი არ შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები