თბილისის საკრებულომ სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი დაამტკიცა

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი დაამტკიცეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.
დოკუმენტის მიხედვით, დაზარალებულები ორ კატეგორიად იყოფიან. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო მეორე კატეგორიას – ოჯახები, რომელთა სახლების აღდგენაც შესაძლებელია. დაზარალებულებს აქვთ სრული თავისუფლება, ერთ-ერთი მათგანი აირჩიონ.
პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის. ამ წესით სარგებლობის შემთხევაში დადგენილია შემდეგი კრიტერიუმები: ერთი და ორწევრიანი ოჯახისთვის გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური თანხა, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისთვის – 65 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა, ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისთვის – 90 კვ.მ. ფართის ადეკვატური თანხა, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისთვის – 110 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა. მოგვიანებით, ოჯახის განსახლების ზონაში მოხვედრის შემდგომ, მოხდება მისი უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა და უკვე გაცემული დახმარების სხვაობის შევსება. ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყვნებლივ გამოისყიდის. გარდა ამისა, დაზარალებული ოჯახები სულადობის მიხედვით საოჯახო პაკეტისთვის განკუთვნილ თანხასაც მიიღებენ. კერძოდ, 1 და 2-წევრიანი ოჯახი – 8 000 ლარს, 3 და 4-წევრიანი ოჯახი – 8 700 ლარს, 5 და 6-წევრიანი ოჯახი – 9 400, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახი – 10 500 ლარს. 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი თბილისის საკრებულოს წევრებთან თანამშრომლობითა და სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან უშუალო კონსულტაციის შედეგად შემუშავდა. სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის ზარალის ანაზღაურება უახლოეს დღეებში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები