თამარ ბერუჩაშვილმა პატ ბრინს, ერიკ ბერნს და ნოელ მერფის უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, პატ ბრინს, ერიკ ბერნს და ნოელ მერფის უმასპინძლა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ასევე, სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების და მის შემდგომ ეფექტიან იმპლემენტაციის მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ 2016 წელს, საქართველო-ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავის აღსანიშნავად მნიშვნელოვანია მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზება. საუბარი ასევე შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს. ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს 2 ივლისს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. ირლანდიელმა დეპუტატებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პარლამენტში, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე მოინახულეს საოკუპაციო ხაზი, ეწვივნენ სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ ვითარებას. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები