“ჩვენ აუცილებლად დაგაკავებთ” – არჩილ თალაკვაძე ექიმებზე თავდასხმას გამოეხმაურა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე თბილისში, ვაშლიჯვრის ასახვევთან სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადასთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
“პოსტოპერაციული პრობლემების გამო სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მანქანას რომ გამოიძახებ, ექიმები დახმარებას რომ გაგიწევენ და საავადმყოფოში რეფერალს რომ გიგეგმავენ და ამ დროს სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებ, მერე ცივი იარაღით დაემუქრები ექიმებს, შემდეგ სასწრაფოს მანქანას საბურავებს რომ დაუჭრი და დაემუქრები… შემდეგი მანქანა, რომელიც მოვა, იქნება პოლიციის. ჩვენ აუცილებლად დაგაკავებთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით და გამოძიებასაც დავიწყებთ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით!“,- წერს არჩილ თალაკვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე. ვაშლიჯვრის ასახვევში გამოძახებაზე მისულ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მანქანას საბურავები დაუჭრეს. როგორც „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, თავდასხმის შედეგად ექიმთა ბრიგადამ მანქანაში ჩასხდომა მოასწრო, თუმცა აგრესიულმა ახალგაზრდა მამაკაცმა სასწრაფოს მანქანას დანით 2 საბურავი დაუსერა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო და დამხმარე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. „ვაშლიჯვრის დასახლებაში გამოძახებულ მისამართზე სამედიცინო ბრიგადის ექიმები გამოცხადდნენ. ადგილზე მისულ ბრიგადას 20 წლის მამაკაცი სადარბაზოში დახვდა, რომელსაც მანამდე ნაოპერაციევი ჭრილობა აწუხებდა. პაციენტი ექიმებს სწორედ იმ საავადმყოფოში გადაყვანას სთხოვდა, სადაც მანამდე ოპერაცია ჩაიტარა. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ბრიგადა უთანხმდება საავადმყოფოს, შეუძლია თუ არა პაციენტის მიღება, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.
სწორედ ამ დროს, ის დანის მუქარით ექიმებს აიძულებდა, რომ მის მიერ მოთხოვნილ კლინიკაში გადაეყვანათ. სიტყვიერ დაპირისპირებაში პაციენტის მამა და კიდევ ერთი ოჯახის წევრიც ჩაერთო. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ექიმები სასწრაფოს მანქანაში ჩაიკეტნენ და რაციით დახმარება ითხოვეს. 20 წლის ახალგაზრდამ მანქანის საბურავები დანით დაჭრა და ექიმებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფოს სხვა ბრიგადა გამოცხადდა, რომელმაც აღგზნებული და აგრესიული პაციენტი კლინიკაში გადაიყვანა“, – აღნიშნავენ პრესსამსახურში.
ვაშლიჯვრის ასახვევთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასთან მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები