თინა ხიდაშელი სერგო თეთრაძესთან ერთად ბრალდებულ გიორგი გორელაშვილს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძესთან ერთად ბრალდებულ გიორგი გორელაშვილს შეხვდა და მისგან თეთრაძის საქმის დეტალები მოისმინა.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრა 2 დღის წინ თავდაცვის მინისტრის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც მან აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროში წამებაში მონაწილე ადამიანის ადგილი არ არის.

“ამჯერად, უკვე, როგორც თავდაცვის მინისტრმა, მინდა მივმართო ყველას, ვისაც შესაძლოა, რაიმე მტკიცებულება, მამხილებელი მასალები, ინფორმაცია, დოკუმენტები გააჩნდეს წარსულში, თავდაცვის სამინისტროში ამ ან სხვა მსგავსი დანაშაულების შესახებ. თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც არცერთ სახელმწიფო დაწესებულებაში, არ არის არც ერთი ადამიანის ადგილი, ვინც შესაძლოა, ორგანიზატორი, თანამონაწილე ან შემსრულებელი ყოფილიყო ადამიანების წამებისა და მკვლელობის უმძიმეს დანაშაულებში. სახელმწიფოს პასუხი ასეთ შემთხვევებში სრულიად ცალსახა უნდა იყოს. ამ ადამიანებმა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. ამასთანავე, ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, სრულიად მიუღებელია ნებისმიერი დაუსაბუთებელი ბრალდება, რომელიც ამ დაწესებულების დისკრედიტაციას ახდენს. სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, მისი, როგორც უწყების, ასევე ყოველი თანამშრომლის, ოფიცრის ღირსების დასაცავად. შესაბამისად, მინდა მივმართო ნებისმიერ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, უტყუარი ინფორმაცია წარსულში ჩადენილი რომელიმე დანაშაულის შესახებ, მოგვაწოდონ სამინისტროში.

პირადად ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისათვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია, ვიდრე ვიდქეთ უწყების ღირსების სადარაჯოზე და, შესაბამისად, უმწიკვლოდ ვემსახუროთ საქართველოს. სწორედ ამიტომ, მზად ვარ, ხვალიდან შევხვდე ნებისმიერ ადამიანს, ვინც, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ფლობს მტკიცებულებებს, უტყუარ ინფორმაციას და დაგვეხმარება მსგავსი ტიპის მძიმე საქმეებზე პასუხის გაცემაში“,-განაცხადა ხიდაშელმა. შეგახსენებთ, რომ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 19 სექტემბერს დააკავეს. 25 სექტემბერს კი იგი გლდანის ციხეში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ყოფილი ხელისუფლები პირობებში გულის შეტევა დასახელდა. ახალი ხელისუფლების პირობებში კი ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომლის ინფორმაციით, თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა.

მთავარმა პროკურატურამ, სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას წარუდგინა ბრალდება წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავასთან და №8 საპყრობილის დირექტორ ალექსანდრე მუხაძესთან ერთად გადაწყვიტა წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოსაპოვებლად, უდანაშაულო მოქალაქეთა წამების გზით, მიეღო აღიარებითი ჩვენებები, რასაც გაავრცელებდნენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოსდა გამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. ჯაშუშური ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები