დავით უსუფაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. კონგრესმენების განცხადებით, საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის „რესპუბლიკელი“ და „დემოკრატი “წევრებისგან შემდგარი დელეგაცია სტუმრობს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ქვეყანას საქართველოს მიმართ ერთიანი პოზიცია გააჩნია. კონგრესმენები საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესებით, პარლამენტის საქმიანობით და რეგიონული საკითხებით დაინტერესდნენ. რეგიონულ კონტექსტში განიხილეს რუსეთის ქმედებებიც. კონგრესმენებმა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი მყარი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონგრესმენების ვიზიტი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა გაგრძელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები გვყავს – ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია. 6 კონგრესმენი ჩამობრძანდა საქართველოში, ისინი მთელ დღეს ქუთაისში გაატარებენ, ხვდებიან ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ცალ-ცალკე, საგარეო პოლიტიკურ თემებზე მომუშავე პარლამენტარებს კომიტეტების მიხედვით და ამის შედეგად ჩვენ კიდევ უფრო მყარად ვიგრძნობთ თავს იმაში, რომ შეერთებული შტატების მხრიდან გაგრძელდება ის მხარდაჭერა, რაც აქვს საქართველოს. კონგრესმენები დაინტერესებულები არიან, რომ მათი ვიზიტით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვან მათ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ და, რა თქმა უნდა, სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობების სფეროში და გაგრძელდება ქვეყნის დემოკრატიზაციის და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების სფეროში. ჩემთვის სასიხარულო იყო ის ამბავიც, რომ დელეგაციაში არის კონგრესმენი დევიდ პრაისი, რომლის საარჩევნო კამპანიაშიც ვიღებდი მონაწილეობას ოციოდე წლის წინ, დიუკის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში.სწორედ ამ ოლქიდან იყრიდა კენჭს ბატონი პრაისი და ის კვლავ აგრძელებს მოღვაწეობას. ჩვენ გავიხსენეთ ის ძველი პერიოდიც მისი საარჩევნო კამპანიიდან“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პიტერ როსკემი-აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიისა და პარტნიორობის კომიტეტის თავმჯდომარე („რესპუბლიკელი“ – ილინოისის შტატი), დევიდ პრაისი – წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიისა და პარტნიორობის კომიტეტში „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი („დემოკრატი“ – ჩრდილოეთ კაროლინას შტატი), ტომ რაისი („რესპუბლიკელი“-სამხრეთ კაროლინას შტატი), რობ ვუდოლი („რესპუბლიკელი“-ჯორჯიის შტატი), დინა ტიტუსი („დემოკრატი“-ნევადის შტატი), ლუის კეპსი („დემოკრატი“-კალიფორნიის შტატი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები