ირაკლი ღარიბაშვილმა ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა
თბილისს ირლანდიის ოფიციალური დელეგაცია პირველად ეწვია. პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე პატ ბრინი ხელმძღვანელობს.
მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის თემები და ორი ქვეყნის ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე აღინიშნა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების კუთხით არსებული პოტენციალი.
საუბარი შეეხო ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ირლანდიის მხარის მონაწილეობას. განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება.
ირლანდიის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობის მეთაურს სამძიმარი გამოუცხადა 13 ივნისის ტრაგედიის გამო.
მთავრობის მეთაურმა პატ ბრინს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული პირველი ვიზიტისთვის, რაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების წინაპირობად შეაფასა.