ხერხეულიძე ხადურის მოადგილეს დაუპირისპირდა – „გადაეცით თქვენს მინისტრს, რომ არის მატყუარა”

„გადაეცით თქვენს მინისტრს, რომ არის მატყუარა“ – ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ეკა ხერხეულიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, რომელიც პარლამენტში “2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხილვას ესწრება.

ამ წუთებში, პარლამენტში “2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანაზე, საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე მსჯელობენ. დეპუტატსა და მინისტრის მოადგილეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, ეკა ხერხეულიძის რეპლიკას მოჰყვა.

დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს მოსთხოვა, განემარტა საზოგადოებისთვის, თუ როდის გაიზრდება პენსია, რომლის გაორმაგებასაც კოალიცია „ქართული ოცნება“ მოსახლეობას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაჰპირდა.

„გადაეცით თქვენს მინისტრს, რომ არის მატყუარა. მან და თქვენმა თანაგუნდელებმა ქართველ ხალხს უთხარით, რომ პენსიები საგრძნობლად გაიზრდებოდა. მე მაინტერესებს კონკრეტული თარიღი, თუ როდის გაიზრდება პენსია და „ქართული ოცნების“ ეს დანაპირები როდის შესრულდება“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ხერხეულიძის ამ განცხადებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა.

„ქალბატონო ეკა, იყავით კორექტული და შეურაცხყოფაზე ნუ გადმოდიხართ. მე გეტყვით, რომ ყველა დაპირება ეტაპობრივად სრულდება. რაც შეეხება პენსიების ზრდას, როგორც იცით, ის სექტემბრიდან იზრდება და ასევე, დაელოდეთ 2016 წლის ბიუჯეტსაც“, – აღნიშნა კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები