დავით უსუფაშვილი: ვანო მერაბიშვილის შექმნილ რეპრესიულ სისტემას უცვლელად არ დავტოვებთ
„გვეუბნებიან, რომ ვანო მერაბიშვილის შექმნილი რეპრესიული სისტემა დავტოვოთ,უცვლელად, ჩვენ ამაზე ვამბობთ არას“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა “უსაფრთხოების შესახებ კანონში” შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
უსუფაშვილის თქმით, ცვლილებები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმას ითვალისწინებს, პარლამენტში კომიტეტის სხდომებზე დაწვრილებით არის განხილული.
“გვეუბნებიან, რომ ვანო მერაბიშვილის შექმნილი რეპრესიული სისტემა დავტოვოთ უცვლელად. ჩვენ ამაზე ვამბობთ არას. გვეუბნებიან, რომ ცვლილება არ არის საჭირო, რატომ? იმიტომ, რომ კარგად მუშაობდა ეს სისტემა და კმაყოფილნი ვიყავით ამით? მაშინ საყოველთაო თვალთვალი, საყოველთაო უბედურება გავაგრძელოთ ასე და არ შევცვალოთ?. ძალიან ყურადღებით ვისმენთ იმ შენიშვნას, რომელიც გასათვალისწინებელია და, რომელიც გააუმჯობესებს ამ სისტემას. ცოტა მიკვირს იმ ხალხისგან, რომელიც ამდენი ხანი ზუსტად ამას ითხოვდა, რომ აუცილებელია მისი გაყოფა, დღეს გვეუბნებიან, რომ არ გავყოთ. თუ რამე კონკრეტული შენიშვნაა, კომიტეტებმა ეს საკითხი განიხილეს უკვე ორჯერ, ორი დღის განმავლობაში. თითოეულ წინადადებაზე, რაც არის შემოსული, ან პასუხია გაცემული ან გათვალისწინებულია კანონპროექტში. სხვა მაშინ რა გვინდა?.. თუ არ გვინდა დემოკრატია, მაშინ მივყვეთ სხვა გზებს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.