აბაშიშვილი: თურქმენეთის ურთიერთობები, განსაკუთრებით სატრანსპორტო-ეკონომიკური და ლოჯისტიკური თანამშრომლობის სფეროში, ახალ სტადიაზე გადადის
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში აბაშიშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ თურქმენეთის ურთიერთობები, განსაკუთრებით სატრანსპორტო-ეკონომიკური და ლოჯისტიკური თანამშრომლობის სფეროში, აბსოლუტურად ახალ სტადიაზე გადადის.
როგორც აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როცა თურქმენეთის მხრიდან არსებობს ასეთი მაღალი ინტერესი, საჭიროა საქართველოში უფრო აქტიური ქმედებების განხორციელება და უფრო აქტიური მუშაობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით, რათა საქართველომ ის შესაძლებლობა, რომელიც პრეზიდენტების დონეზე იქნა მიღებული, ეფექტურად გამოიყენოს.
გიორგი აბაშიშვილმა ის კონკრეტული პროექტებიც დაასახელა, რომელიც საქართველოს ჩართულობით განხორციელდება და ხაზი გაუსვა, რომ ისინი ჩვენს ქვეყანას არა მარტო ეკონომიკურ სარგებელს, პოლიტიკურ დაცულობასაც მოუტანს.
“როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს, არის თურქმენეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები, თურქმენული გაზის ევროკავშირში გადაადგილების საკითხზე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოც აქტიურად იწყებს ამ პროცესში ჩართვას პროექტის შემდგომი რეალიზების კუთხით, რაც ჩვენ ქვეყანას დამატებით მოუტანს უმნიშვნელოვანეს სარგებელს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების კუთხით. ამავე დროს, ამით საქართველო კიდევ უფრო მეტ როლს შეასრულებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს შეუძლია თურქმენეთს შესთავაზოს უმნიშვენოვანესი ლოჯისტიკური პროექტების განხორციელება, მათ შორის ქართული პორტებით – ბათუმისა და ფოთის პორტებით სარგებლობა. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც პრეზიდენტების ვიზიტის დროს გამოიკვეთა, შეეხებოდა სატრანსპორტო მიმართულებას, კერძოდ საუბარია ახალი სატრანსპორტო დერეფნის ფორმირებაზე, რომლის ინიციატივაც ავღანურ მხარეს ეკუთვნის და რასაც ”ლაპის ლასულის” პროექტი ითვალისწინებს. ამ პროექტით გათვალისწინებულია ტვირთების გადაზიდვა ავღანეთიდან თურქმენეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპაში.
როგორც მოგეხსენებათ, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება, გარდა ეკონომიკური სარგებლისა, ქვეყანას უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ დაცულობასაც უქმნის. ერთი სიტყვით, საქართველოს კონცეფციას – ქვეყანა ფორმირდეს სატრანზიტო დერეფნიდან ლოჯისტიკურ ჰაბად, თურქმენული მხარე მხარს უჭერს. იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით, უმაღლეს დონეზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდგომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები”, – აღნიშნა აბაშიშვილმა. პრეზიდენტის მრჩევლის ინფორმაციით, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ვიზიტის ფარგლებში გამოითქვა იდეა ქართულ-თურქმენული ერთობლივი ბიზნესფორუმის ჩატარების შესახებაც.