მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ამირან ჯანაშია და ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი მთავარი ინსპექტორი რომეო როგავა დამნაშავედ სცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
„კვირა“ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ამირან ჯანაშია და ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი მთავარი ინსპექტორი რომეო როგავა დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ ამირან ჯანაშიას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, საბოლოოდ, ამნისტიის აქტის გამოყენებით სასჯელის სახით 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე 3 წლითა და 9 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება და განესაზღვრა ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით.
რომეო როგავას 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საბოლოოდ, ამნისტიის აქტის გამოყენებით სასჯელის სახით 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება და განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
სასამართლოზე დადგენილ იქნა, რომ 2009-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამირან ჯანაშიას და რომეო როგავას მხრიდან სისტემატურად ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. დაწესებულებაში შეყვანისთანავე ხდებოდა პატიმართა გაშიშვლება და მათთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები