„სასწავლო წლის დაწყებამდე 2 თვით ადრე სასკოლო მზაობის პროგრამისთვის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არ არის“
„2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, სასწავლო წლის დაწყებამდე 2 თვით ადრე სასკოლო მზაობის პროგრამისთვის თანხები გათვალისწინებული არ არის“,- აღნიშნული განცხადება „საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის“ თანათავმჯდომარემ დავით ლაგვილავამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა და ხელისუფლება იმ გადაწყვეტილებისთვის გააკრიტიკა, რის გამოც 9 000 ბავშვი სკოლის გარეთ დარჩა.
ლაგვილავას განცხადებით, გადაწყვეტილებას საერთო არაფერი აქვს ბავშვის ფსიქოლოგიასთან, მისი თქმით, სასკოლო ასაკის მოქმედი წესით განსაზღვრა მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით მოხდა.
„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ, 2015 წლის ახალ სასწავლო წლის დაწყებიდან 2 თვით ადრე, ხელისუფლების მხრიდან არ არის პასუხი გაცემული კითხვებზე, კერძოდ: რა თანხაა გამოყოფილი ბიუჯეტიდან პროგრამის დანერგვისა და ფუნქციონირებისთვის (აღმზრდელ/პედაგოგების გადამზადება, საგანმანათლებლო რესურსით კლასების აღჭურვა და იმ სივრცეების მოძიება, სადაც კლასები იფუნქციონირებს)? სულ რამდენ ბავშვს სჭირდება აღნიშნული სერვისი? საქართველოს მასშტაბით, რამდენი ჯგუფი გაიხსენება და სად?…
„ლიბერალის“ კვლევის მიხედვით, როგორც ირკვევა, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თანხები არ არის გათვალისწინებული პროგრამის დანერგვისა და ფუნქციონირებისთვის… არსებული ქაოსი, გაუაზრებელი საგანმანთლებლო პოლიტიკა სახიფათოა სახელმწიფოს განვითარებისათვის. ეს ცვლილება სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მოხდა რომ პირველკასელთა რიცხვი შეემცირებინათ. მათი საერთო რაოდენობა 9 000 მეტი იქნებოდა. რაც დამატებით ნეტბუქებში, მასწავლებელთა ხელფასებზე და ასე შემდეგ თანხების ხარჯვას ნიშნავდა. მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რის გამოც სამინისტრომ ბავშვებს „ქამრები შემოუჭირა“, – განაცხადა დავით ლაგვილავამ.