გამოფენა „კავკასიის ფრონტი ნინო ჯორჯაძის ფოტოობიექტივში“ გაიმართება

3 ივლისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „კავკასიის ფრონტი ნინო ჯორჯაძის ფოტოობიექტივში“ და წიგნი-ალბომის „ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი“ პრეზენტაცია გაიმართება.
ნინო ჯორჯაძე საქართველოში პირველი ფოტომოყვარული ქალია, რომელმაც შექმნა პირველი მსოფლიო ომის ამსახველი მრავალფეროვანი და თემატურად მდიდარი მატიანე. გამოფენაზე პირველად იქნება წარმოდეგნილი ნინო ჯორჯაძის მიერ კავკასიის ფრონტზე 1914-1918 წლებში შექმნილი ფოტოსურათები, მისი წერილები, დოკუმენტები, სიგელები, დღიურები და პირადი ნივთები. ასევე, ფოტოსურათები საოჯახო არქივიდან, რომელიც რესტავრირებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფოტო-ქაღალდის სარესტავრაციო ლაბორატორიის მიერ. ფოტოგრაფიით გატაცებული ნინო ჯორჯაძე ომის დაწყებისთანავე წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა და კავკასიის ფრონტიდან პირველმა ასახა ომის მნიშვნელოვანი მოვლენები, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული სამხედრო მოქმედებები, ისტორიული პირები და სხვადასხვა ეთნოგრაფიული ჯგუფი.
გამოფენის ფარგლებში ასევე დაგეგმილია წიგნი-ალბომის „ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი“ პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) მხარდაჭერით გამოიცა. წიგნში თავმოყრილია ნინო ჯორჯაძის მიერ კავკასიის ფრონტზე შექმნილი ფოტოსერიები და სხვადასხვა ამონარიდი პირადი დღიურებიდან. გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს ეროვნული მუზეუმი. პარტნიორი ორგანიზაციები: შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SCO); კომპანია „ბაგრატიონი ენისელი“. გამოფენა 17 ივლისამდე გაგრძელდება. აღნიშნული ღონისძიება 17 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა თბილისში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში.

11693145_875309772518076_445426187_n (1)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები