დავით ნარმანია: მდინარე ვერეს ხეობაში ოჯახები აღარ იცხოვრებენ
ოჯახები, რომლებიც ცხოვრობდნენ სვანიძის ქუჩაზე ან წყნეთის ქუჩის მიმდებარედ – დაბლა მდინარის ხეობაში, იქ აღარ იცხოვრებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გადაცემაში “2030” განაცხადა.
ნარმანიამ ასევე, მდ. ვერეს ხეობაში მცხოვრები ოჯახების ორ კატეგორიაზე და ამ კატეგორიების მიხედვით მათ დახმარებაზეც ისაუბრა.
“დაზარალებული ოჯახები დაყოფილია კატეგორიებად. პირველი კატეგორიის ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები ადიდებულმა მდინარემ წაიღო და პრაქტიკულად ადგილზე არ დგას და ასევე ოჯახები, რომელთა სახლებიც დაზიანდა ისე, რომ აღდგენას არ ექვემდებარება. ეს იქნება პირველი პრიორიტეტი და მათ გადაეცემათ ბინის საბაზრო ღირებულების თანხა. მეორე კატეგორიაში შედიან ოჯახები, რომლებიც დაზიანდნენ, მაგრამ ზიანის მოცულობა შედარებით მცირეა, ანუ აღდგენას ექვემდებარება. მათ სახლები გაურემონტდებათ”, – განაცხადა ნარმანიამ.
რაც შეეხება მდინარე ვერესთან არსებულ გზას, დედაქალაქის მერის თქმით, გზა 15 სექტემბრამდე აღდგება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისში მოძრაობა გადაიტვირთება.
„15 სექტემბრამდე აუცილებლად უნდა აღვადგინოთ მოძრაობა მდინარე ვერეს ხეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სატრანსპორტო კოლაფსი გველის”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, დაზარალებულთათვის მობილიზებული თანხის გამოყენება ჯერაც არ დაწყებულა.
როგორც მერმა აღნიშნა, კომპენსაციის წესის დამტკიცებისა და მასზე ხელის მოწერის მეორე დღიდანვე დაიწყება ზარალის ანაზღაურების პროცესი.
„ჯერ-ჯერობით ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მობილიზებული თანხის გამოყენება არ დაგვიწყია, ის ხელუხლებელია – სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ 10 მილიონ ლარს ვხარჯავთ. როგორც კი კომპენსაციის წესი დამტკიცდება და ხელი მოეწერება, ჩვენ მეორე დღიდანვე დავიწყებთ ზარალის ანაზღაურების პროცესს. მაქსიმალურად ღია იქნება ეს პროცესი, თუ ზარალის ანაზღაურებისას რაში რა დაიხარჯება”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.