გიორგი კვირიკაშვილი: ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მტკივნეული პროცესია

ეს პროცესი მტკივნეულია, მაგრამ ჩვენ მალე გავივლით ამას და საქართველო სრულიად ახალ ეტაპზე გადავა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სეტ-ტოპ-ბოქსები შეიძინა და ეს მიიღო ყველა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირმა, რომელსაც 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს მინიჭებული.

“ზოგიერთ მათგანს ჯერ კიდევ არ აუღია და ფოსტის ოფისებშია განთავსებული ეს აპარატურა. ამ დღეებში მოხდება გაწოვა ამ აპარატურის უკვე მომხმარებლამდე. ამ მტკივნეულ პროცესს და ეს არის მტკივნეული პროცესი, მგონია, რომ ჩვენ მალე გავივლით, სამაგიეროდ, საქართველო გადავა სრულიად ახალ ეტაპზე. ეს იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობებს ახალი ინვესტორების მოზიდვისთვის და ა.შ.”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, პროცესი ახლა გარდამავალ ეტაპზეა და ადამიანები, რომლებსაც ჯერ არ შეუძენიათ ციფრული მაუწყებლობისთვის საჭირო აპარატურა, უახლოეს დღეებში შეიძენენ.

“დღეიდან მოხდა ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა თბილისსა და მისი შემოგარენის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასეთ დროს არიან ადამიანები, რომლებიც არ ემზადებიან სათანადოდ ასეთი მომენტისთვის. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. არის გარდამავალი პერიოდი. ადამიანები, რომლებმაც დღემდე ვერ შეიძინეს ეს აპარატურა, სავარაუდოდ, ამ დღეებში შეიძენენ მათ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები