თამარ ტალიაშვილის ინიციატივა – სტიქიით დაზარალებულ ბავშვებთან დაკავშირებით ძალაში დღეიდან შევა

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მაქსიმალურად უზრუნველყო ძირეული ცვლილებებისა და სიახლეების დანერგვა. უპირველესად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 7 წლამდე ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა, დარჩნენ ბაგა-ბაღებში; სააღმზრდელო პროცესი გახდა ორცვლიანი ახალგახსნილ ჯგუფებსა და ბაღებში; ჩვენი ინიციატივით, ზრუნვის ობიექტია არამარტო აღსაზრდელი, არამედ ბაგა-ბაღებში მომუშავე ადამიანები, რომელთაც შევთავაზეთ უფასო მუნიციპალური მგზავრობის სერვისი; მუშავდება თბილისის საბავშო ბაგა-ბაღებში დაავადებათა პრევენციისა და სამედიცინო ზედამხედველობის სტრატეგია. ბავშვთა უფლებების ეფექტური დაცვის მიზნით, მოეწყო შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ ბავშვის უფლებებზე და დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე; 2015 წლის 13-14 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, დაზარალებული ოჯახის ბავშვებს ბაგა-ბაღებში პრეფერენციული რეგისტრაციით სარგებლობის პრივილეგირებული უფლება მიეცათ. აღნიშნული წესის დამტკიცებით, ბავშვები სტიქიით დაზარალებული ოჯახებიდან ბაგა-ბაღებში რეგისტრაციას უფრო ადრე გაივლიან, ვიდრე სხვა აღსაზრდელები. ამასთან, სტიქიით დაზარალებული ბავშვები მუნიციპალურ მომსახურებას მიიღებენ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი დაწესებულებისგან; ბავშვების ყოველწლიური რეგისტრაცია სამართლებრივად დარეგულირებულია. წესის მაქსიმალურად სრულყოფისა და საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგების მიზნით, მისი განხილვა კომისიაში მეორედ მოეწყო, ხოლო წარმოდგენილი შენიშვნები ბაგა-ბაღების სააგენტოსა და მერიაში გადაიგზავნა. წესში პრიორიტეტულად განსაზღვრულია იმ ოჯახების სოციალური მხარდაჭერა, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ თანადგომას. შესაბამისად, რეგისტრაციისას პრიორიტეტი მიენიჭებათ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახთა ბავშვებს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, მათ შორის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს და აგრეთვე იმ ოჯახის შვილებს, რომლებიც უკვე სარგებლობენ იმავე ბაღის მომსახურებით; ბაგა-ბაღებში ვაუჩერიზაციისა და რეგისტრაციის წესის მიღება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ბავშვები, რომელთაც 31 დეკემბრამდე უსრულდებათ 6 წელი, რჩებიან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ბენეფიციარებად და ისინი სასკოლო მზაობის პროგრამით გააგრძელებენ სწავლას. შედეგად, 2015-2016 სასწავლო-სააღმზრდელო წლის რეგისტრაციის პროცესი თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დღეს, 13:00 საათზე დაიწყო. პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები და იმ ოჯახის შვილ(ებ)ი, რომლებიც იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით სარგებლობენ, ხოლო სხვა დანარჩენი ბავშვები მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან. მნიშვნელოვანია ის, რომ 13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულ ოჯახთა ბავშვები, რეგისტრაციისას უპირატესობით ისარგებლებენ”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები