ირაკლი ღარიბაშვილი ქუვეითის პრემიერს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეიხ ჯაბერ ალ-მუბარაქ ალ-ჰამად ალ-საბაჰს სამძიმარს უცხადებს.
“საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას 2015 წლის 26 ივნისს იმამ სადიქის მეჩეთში განხორციელებული აფეთქების გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. საქართველო უპირობოდ გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას მსოფლიოში. ამ სასტიკ და შემაძრწუნებელ აქტს ჩვენ განვიხილავთ, როგორც უმძიმეს დანაშაულს მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. გარწმუნებთ, გლოვის ამ მძიმე წუთებში ქართველი ხალხი გვერდით უდგას მეგობარ ქუვეითელ ხალხს. ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.