ეთერ კაკულიას დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ
ქართველ მომღერალს ეთერ კაკულიას დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ეთერ კაკულიას ცხედარი გუშინ საკუთარი სახლიდან ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ეთერ კაკულიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩაატარა.
მომღერალს დღეს 15:00 საათზე, ქაშუეთის ეკლესიიდან გამოსვენებენ, ეთერ კაკულიას დროებით ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალავენ. ხოლო შემდეგ, თბილისის მერიის, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, მას მახათას მთაზე, ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენებენ.
ეთერ კაკულიას მიღებული აქვს სახალხო არტისტის წოდება, მინიჭებული აქვს სხვადასხვა ქალაქის საპატიო მოქალაქეობა და არის პრეზიდენტის ორდენოსანი. მას ქართველი კომპოზიტორების მიერ დაწერილი ორასამდე სიმღერა აქვს შესრულებული, რომელთა უმრავლესობაც საზოგადოებისთვის ცნობილ და საყვარელ სიმღერებად იქცა. ეთერ კაკულია ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 26 ივნისს გარდაიცვალა.