საკრებულოს თავმჯდომარის სათათბირომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის საზოგადოებრივმა სათათბირომ არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის, მხატვარ მურაზ მურვანიძის, ლიტერატორ თამაზ ტყემალაძის და სხვა საზოგადო მოღვაწეების შემადგენლობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელა.
შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით გაიმართა და მას განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, შოთა რუსთაველის სახელის კიდევ ერთხელ გაჟღერება თავისთავად, მნიშვნელოვანი ფაქტია, რაც ამ უდიდესი ქართველი მოღვაწის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა.
,,განხილვის პროცესში განსხვავებული აზრიც დაფიქსირდა.
ვფიქრობ, ეს ჯანსაღი პროცესია. საბოლოოდ, მიღწეული შეთანხმების თანახმად კი აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომაზე იქნება განხილული’’,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
სათათბიროს ხელმძღვანელმა მიხეილ ლოლაძემ საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის თანახმად, გამოჩენილი ადამიანების სახელების უკვდავყოფა სწორედ მსგავსი ფორმით ხდება.
,,ვფიქრობ, თბილისის აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის დარქმევა კარგი ინიციატივაა’’,-განაცხადა მიხეილ ლოლაძემ.
მანვე დადებითად შეაფასა ინფორმაცია მომავალი პანთეონის შესაძლო ადგილმდებარეობის თაობაზეც.
დღესვე საკრებულოს თავმჯდომარემ ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისი’’ მიზანზე ისაუბრა და სათათბიროს წევრებს კონკურსის პრიზი-სიმბოლოს თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.