გურჯაანში ბუნებრივი ტბა აღმოაჩინეს
გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში, სოფლის დასავლეთით 7 კილომეტრში, ცივ გომბორის კალთაზე, პატარა ქვაბულში ბუნებრივი ტბა აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, ტბა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული არ არის, სოფლის მაცხოვრებელები კი „დიდწურბელას“ ტბას ეძახიან.
მისივე თქმით, ტბის ფართობი 2 ჰექტარია, ხოლო სიღრმე 5-6 მეტრი. ტბაში ბინადრობს კუ, გამბუზია, წურბელები და წითელ წიგნში შეტანილი ამფიბია – ტრიტონები.
„სოფელ ვაჩნაძიანის „დიდწურბელის“ დღემდე უცნობი ბუნებრივი ტბა მიწისქვეშა გოგირდოვანი წყლებით საზრდოობს. ტბაში წყალმცენარეებისგან წარმოქმნილია პატარა კუნძულები. აღსანიშნავია, რომ ტბა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული არ არის. მნიშვნელოვანია ტბის შესწავლა, მეცნიერული თვალსაზრისითაც, რადგან ტბაში წითელ წიგნში შეტანილი ტრიტონები ბინადრობენ“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თამაზ მარკოზაშვილმა.
მისივე თქმით, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, ტბა ტურისტებისათვის მიმზიდველ ობიექტად იქცევა.