პოლონელი სომელიეს ორგანიზებით, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად პოლონეთში საქველმოქმედო აუქციონი მოეწყო – ფოტოკოლაჟი
პოლონელი სომელიეს, მარიუშ არტურ ნაპორასა და პოლონეთში ქართული სათვისტომოს ორგანიზებით, ქ. ვარშავის რესტორანში – „ჟურავინა“ თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონი მოეწყო.
ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს საელჩოს საპატიო პატრონაჟით გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა პოლონელმა საზოგადო მოღვაწეებმა, საქართველოს თანამემამულეებმა, ვარშავაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა.
სხვადასხვა საინტერესო ნივთთან ერთად, აუქციონზე გატანილი იყო პოლონეთში მოღვაწე ქართველი და პოლონელი ხელოვანების ნამუშევრები – ნახატები, წიგნები, ჭედური ხელოვნების ნიმუშები. საქველმოქმედო აუქციონი წარმატებული აღმოჩდა. შემოსული თანხა, თბილისში სტიქიით დაზარალებულებს გადაეცემათ.
საქართველოს საელჩო გულითად მადლობას უხდის საქველმოქმედო აუქციონის ჩატარების იდეის ავტორს, მარიუშ არტურ ნაპორას და პოლონეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს ესოდენ მნიშვნელოვანი ღონისძიების მოწყობისთვის. ასევე, უდიდეს მადლობას ვუხდით, ღონისძიების წამყვანს, კატაჟინა პაკოშინსკას და მუსიკალურ სააგენტოს “Music United” მუსიკალური გაფორმებისთვის. მადლობას ვუხდით აუქციონის თითოეულ მონაწილეს დიდსულოვნად გაღებული თანხისთვის.